რობენის მსურველთა სიაში მატებაა

რობენით კიდევ ერთი გუნდი დაინტერესდა. მეტიც, როგორც Sky Sport-ში ვკითხულობთ, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

გადაწყვეტილი ამბავია, რომ სეზონის ბოლოს არიენ რობენი ბაიერნს დატოვებს. მის შესახებ არაერთი ჭორ-მართალი ვრცელდება, მოგეხსენებათ ჰოლანდიელ შემტევს რამდენიმე გუნდში ეპატიჟებიან და ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არაფერია.

 

Sky Sport-ის ინფორმაციით, 35 წლის ფეხბურთელს აზიაში იწვევენ. საქმე იმაშია, რომ რობენის დამატება ერთ-ერთ იაპონურ გუნდს სურს. აქვე გეტყვით, რომ ტრანსფერის წინააღმდეგი თავად ფეხბურთელიც არაა და მისი აგენტი იაპონელებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

 

რაც შეეხება რობენის მიუნხენურ კარიერას, რეკორდმაისტერებს იგი 2009 წლის ზაფხულში რეალიდან შეუერთდა. იგი მალევე გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა და დღეს ბაიერნის ლეგენდადაც მოიხსენიებენ. ბუნდესლიგის მოქმედ გამარჯვებულებთან ერთად რობენმა გერმანიის ჩემპიონატი (7), გერმანიის თასი (5), გერმანიის სუპერთასი (4), ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი მოიგო. აქვე გეტყვით, რომ ბაიერნის მეათე ნომერს ლაციო და პსვ-ც ეპატიჟებიან.