ასათიანი: გუნდი გაზრდილია, ხარისხი-გაუმჯობესებული

მთავარი მწვრთნელი გუნდის მუშაობით კმაყოფილია 

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2020 წლის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებას მიაღწია. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე ქვეჯგუფის პირველი ორი შეხვედრა საქართველომ გერმანიასა და ისრაელთან გამარჯვებით დაასრულა, 6 ქულა მოაგროვა, 12 გოლი გაიტანა, მხოლოდ 1 გაუშვა და პირველი ადგილი დაიმკვიდრა.

ისრაელთან დამაჯერებელი მოგების შემდეგ (7:0), ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა ჩატარებული მატჩები შეაფასა და მომავალი პერსპექტივების შესახებაც ისაუბრა.

"პირველ რიგში, მინდა მადლობა გულშემატკივარს გადავუხადო, რომელიც მოდის და მხარს გვიჭერს. ასევე მადლობა ჩვენს ფეხბურთელებს, რომლებმაც პროგრამა მინიმუმი შეასრულეს და საწყის ორ მატჩში 6 ქულა აიღეს, რა შედეგითაც შემდეგ ეტაპზე გავედით და მომდევნო შეხვედრა მხოლოდ ფორმალური ხასიათისაა. დასკვნითი მატჩის გამოყენება ახალგაზრდა ფეხბურთელების და გუნდის ახალი წევრების გამოცდისთვის შეგვიძლია, ამავე დროს, გვაქვს შესაძლებლობა მოვსინჯოთ ის ტაქტიკური სქემები, რომელთა გამოყენებასაც უკვე შემდეგ ეტაპზე შევეცდებით. 


ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპთან შედარებით, გუნდი აშკარად გაზრდილია და გაუმჯობესებული აქვს თამაშის ხარისხი, რაზეც ბოლო ორ შეხვედრაში დაფიქსირებული ანგარიშები მეტყველებს.

რაც შეეხებათ ახალ ნატურალიზებულ წევრებს, მათ ადაპტაციის პერიოდი ძალიან კარგად გაიარეს და გუნდს იდეალურად შეეწყვნენ, რაშიც უდიდესი წვლილი ჩვენს გამოცდილ ფეხბურთელებს მიუძღვით. ბრაზილიელები აქ თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ და ისე გამოიყურებიან, თითქოს ჩვენს გუნდში უკვე სამი ან ოთხი წელია თამაშობენ".-თქვა ასათიანმა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფის დასკვნით შეხვედრას 2 თებერვალს, კვლავ ოლიმპიურ სასახლეში, 20:30 საათზე, დანიის წინააღმდეგ გამართავს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.