ციციპასი: ეს ზღაპარი შემთხვევით არ დაწერილა

სტეფანოს ციციპასი საჩოგბურთო სამყაროში შურდულივით შემოიჭრა და სპეციალისტები უმალ აალაპარაკა. ის წლის ყველაზე პროგრესირებად მოთამაშედ აღიარეს.

 ავსტრალიის ღია პირველობის დაწყების წინ, რომელიც ნოვაკ ჯოკოვიჩმა მოიგო ამას ალბათ ბევრი ვერ წარმოიდგენდა. რა თქმა უნდა ნოლეს ჩემპიონობას არ ვგულისხმობთ. ის მელბურნში ნომერ პირველი ჩოგნის რანგში ჩავიდა და დამსახურებულადაც იჩემპიონა.

 

უნიჭიერეს ბერძენ ჩოგბურთელზე, სტეფანოს ციციპასზე მოგახსენებთ, რომელიც მელბურნში მთავარი სენსაციის შემოქმედი შეიქნა. ყველაფერთან ერთად, ქარიზმატული ბერძენი მოთამაშე, 2007 წლის შემდეგ გახდა ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი, რომელმაც დიდი სლემის საუკეთესო ოთხეულში გააღწია. მან თვით როჯერ ფედერერზე გაიარა. იმ დროისთვის ის 20 წლის და 168 დღის იყო.

 

 

სტეფანოს ციციპასი საჩოგბურთო სამყაროში შურდულივით შემოიჭრა და სპეციალისტები უმალ აალაპარაკა. 2018 წლის თებერვალში ის ჯერ კიდევ 82-ე ჩოგანი იყო, ახლა კი ლამისაა ათეულის კარი შეაღოს. ამიტომაც, ციციპასი სავსებით დამსახურებულად აღიარეს წლის ყველაზე პროგრესირებად მოთამაშედ.

 

არავინ იცის როგორი ფეხბურთელი დადგებოდა რაფაელ ნადალისგან, რომელიც 12 წლამდე ჩოგნის ქნევასთან ერთად სექციაში ბურთსაც დასდევდა. იყო იმის ალბათობა, სტეფანოს ციციპასსაც ფეხბურთი ეთამაშა, რადგან მისი ბაბუა საბჭოთა ფეხბურთის ლეგენდა და ოლიმპიური მედლის მფლობელი სერგეი სალნიკოვია. თავად ციციპასსაც არაერთხელ უთქვამს, რომ თავიდან მის მიყვანას ფეხბურთზე აპირებდნენ. სტეფანოსის პირადი მწვრთნელი მამამისია, რომლის დამსახურებაც არის, რომ ის ჩოგბურთელი გახდა.

 

 

გაინტერესებთ რას ფიქრობ ის ნიკოლოზ ბასილაშვილზე? როგორ გაატარა ღამე ფედერერთან მოგების შემდეგ? რა დაემართა ნადალთან? აპირებს თუ არა შეიცვალოს ვარცხნილობა? როგორია მისი გეგმები 2019 წელს?

 

მაშინ არ გამოტოვოთ ლიდერსპორტის ექსკლუზიური ინტერვიუ მსოფლიოს მე-12 ჩოგანთან, წლევანდელი ავსტრალიის ღია პირველობის უდავოდ მთავარ აღმოჩენასთან - სტეფანოს ციციპასთან.

 

-სტეფანოს, გმადლობთ რომ დრო გამონახეთ და ინტერვიუზე დაგვთანხმდით. მოდით, პირდაპირ ავსტრალიის ღია პირველობით დავიწყოთ. რა მოხდა მელბურნში? ეს ზღაპარი იყო?

 

-მე ასე არ ვიტყოდი. შესაძლოა მელბურნულ თავგადასავალს ზღაპარი ვუწოდოთ, მაგრამ ის შემთხვევით არ დაწერილა. ამისთვის ბევრი ვიშრომე და მწამდა, რომ წლის პირველ დიდ სლემზე რაღაც კარგი მელოდა.

ავსტრალიის ღია პირველობამდე დუბაიში ვემზადებოდი, სადაც არაერთ  მაღალი დონის ჩოგბურთელთან  სპარინგ მატჩებს ვმართავდი. სხვათა შორის მათ შორის იყო როჯერ ფედერერიც.

 

 

შარშან მელბურნში ძალიან ცუდად ვითამაშე და ტურნირს პირველივე წრიდან გამოვეთიშე. ამის გამო საკუთარ თავზე ძალიან ვბრაზობდი და მინდოდა წელს დაკარგული ამენაზღაურებინა.

 

-გულწრფელად რომ გვითხრათ ელოდით, რომ ასე შორს წახვიდოდით?

 

-კორტზე ყოველთვის მოსაგებად უნდა გახვიდე და საკუთარი თავის იმედი გქონდეს. ვიცი, ჩემი თამაშით მელბურნში ბევრი გავაოცე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ თვითკმაყოფილებას მივეცემი.

 

ვერ დავიჩემებ, რომ აუცილებლად ნახევარფინალში გასვლას ვგეგმავდითქო, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ შარშანდელის მსგავსად, მელბურნს, ტურნირის პირველ დღეს არ დავტოვებდი. ასე რომ მომხდარიყო საკუთარ თავს ვერასოდეს ვაპატიებდი. მატჩიდან მატჩამდე ვუმატებდი და უკან რომ მოვიხედე საუკეთესო ოთხეულში ვიყავი.

 

 

-სტეფანოს, თქვენს მელბურნულ თავგადასავალში ნიკოლოზ ბასილაშვილიც ფიგურირებდა, რომელსაც მესამე წრეში მოუგეთ...

 

-დიახ, და მინდა გითხრათ რომ ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. ნიკოლოზ ბასილაშვილის დარტყმები ტყვიასავით გხვდება. ის საკმაოდ მშვიდია, ბევრს არ ლაპარაკობს, მაგრამ კორტზე თავის საქმეს შესანიშნავად აკეთებს.

 

რთული იყო მისი თამაშის სტილისთვის ალღოს აღება. ბასილაშვილი კორტის ნებისმიერი წერტილიდან ბურთს საოცარი სიძლიერით აბრუნებს. არავინ იცის, მესამე სეტის ტაიბრეიქი რომ წამეგო შემდეგ რა მოხდებოდა. ვფიქრობ, ჩვენ დაპირისპირებაში გადამწყვეტი სწორედ ეს აღმოჩნდა.

 

 

-თქვენ მას კარგად იცნობთ?

 

-რა თქმა უნდა. ტურნირზე, კორტზე პირველად შევხვდით, მაგრამ ერთად ხშირად გვივარჯიშია. ის უდავოდ პროფესიონალია და ნამდვილად არ მიკვირს, რომ 2018 წელს ასეთი საგრძნობი პროგრესი განიცადა.

 

-შეიძლება ვთქვათ, რომ მელბურნი თქვენთვის განსაკუთრებულად საყვარელი ქალაქი გახდა?

 

-დიახ, არ ცდებით. ბევრჯერ მითქვამს, რომ თბილისი ჩემი საყვარელი ქალაქია. ახლა იგივეს მელბურნზეც ვიტყოდი.

 

არაჩვეულებრივი გარემო, შესანიშნავი საკვები, ყოველთვის კარგი ამინდი და რაც მთავარია - მელბურნში ბევრი ბერძენი ცხოვრობს. მინდა მათ ქომაგობისთვის დიდი მადლობა გადავუხადო.

 

 

-სტეფანოს, ბასილაშვილის  შემდეგ იყო მატჩი როჯერ ფედერერთან. რას გრძნობდით მასთან გამარჯვების შემდეგ?

 

-სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ალბათ ყველაფერი სახეზე მეწერა. როდ ლეივერის სახელობის არენა, გადაჭედილი ტრიბუნები, ჩემს წინ კი დიადი როჯერი დგას. მოთელვის დროს, გონებაში სულ ის მიტრიალებდა, რომ მის თამაშებს 6 წლის ასაკიდან ვუყურებდი, ახლა კი თავადაც უნდა დავპირისპირებოდი და თან სად? ავსტრალიის ღია პირველობაზე, რომელიც მას 6-ჯერ აქვს მოგებული.

 

მუხლები ნამდვილად არ ამკანკალებია და თითოეული გათამაშების დროს მაქსიმალურად კონცენტრირებული ვიყავი. საბოლოოდ კი მოხდა ის, რაც მოხდა. მატჩის შემდეგ, ალბათ დედამიწის ზურგზე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი.

 

-ფედერერთან მოგების შემდეგ ბევრმა ჟურნალისტმა 2002 წელი გაიხსენა, როდესაც როჯერმა კარიერის დასაწყისში მისი კუმირი პიტ სამპრასი დაამარცხა. ახლა კი იგივე თქვენ შემთხვევაში განმეორდა...

 

-როჯერი არაერთი დამწყები ჩოგბურთელის კუმირი იყო და ახლაც ასეა. გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ. ის არა მხოლოდ ჩოგბურთის, ალბათ ზოგადად სპორტის ლეგენდაა და ასეთადაც დარჩება. ამიტომაც მსურდა, სანამ კარიერას დაასრულებდა მის წინააღმდეგ მეთამაშა.

 

როდ ლეივერის არენაზე მატჩისშემდგომი კომენტარის დროს და შემდეგაც, კორტს რომ ვტოვებდი ბოლომდე კიდევ ვერ ვიჯერებდი, რომ ეს შევძელი. ფედერერთან გამარჯვების შემდეგ ღამით ცუდად მეძინა. თავიდან მეგონა  ეს ეიფორიის ბრალი იყო, შემდეგ კი გავათვითცნობიერე, რომ მთელი სხეული მტკიოდა და საწოლში ვკანკალებდი.

 

 

-ნადალთან რა მოხდა? რატომ ვერაფერი დაუპირისპირეთ?

 

-ვერ ვიტყვი გადაღლილობის ბრალი იყოთქო. იმ დღეს კორტზე არაფერი გამომდიოდა. ნადალთან თამაში ადვილი ვისთვის არის, ჩემთვის რომ ყოფილიყო. ის დიდებული ჩოგბურთელია.

 

ნადალი ტურში ალბათ ყველაზე აგრესიული მოთამაშეა და თან ცაცია. მემარჯვენე ჩოგბურთელებისთვის კი ცაციებთან თამაში რთულია, მითუფრო თუ ის რაფაელ ნადალია. ვეცადე მატჩის მიმდინარეობისას თამაშის რიტმი შემეცვალა, მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე. ნადალმა ამის საშუალება არ მომცა.

 

 -შეიძლება ვთქვათ, რომ ნადალი თქვენთვის ყველაზე უხერხული მეტოქეა?

 

-მხოლოდ ჩემთვის? ალბათ ყველასთვის. დიახ, მე მასთან ზედიზედ მესამედ წავაგე. აქედან ორი ფინალი ბარსელონაში და ტორონტოში. იმედი მაქვს მასთან რევანშის შანსი მომეცემა.

 

 

-ნოვაკ ჯოკოვიჩზე რას იტყვით?

 

-ის ღირსეული ჩემპიონია. სიმართლე გითხრათ ნადალისგან უფრო მეტს მოველოდი. მან მთელი ტურნირი და განსაკუთრებით ჩემს წინააღმდეგ ისე ითამაშა, ასეთი კაპიტულაცია ძნელად სავარაუდო იყო.

 

ვუყურებდი ფინალს და ვერ ვიჯერებდი, რომ ნადალი ასე უმოწყალოდ იჩაგრებოდა.

 

-სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

 

-რამდენიმე დღეში სოფიაში ვითამაშებ, შემდეგ კი მოდის ტურნირები როტერდამში, მარსელში და დუბაიში. ამასობაში კი ინდიან უელსის და მაიამის მასტერსებიც მოახლოვდება.

 

-სხვათა შორის სოფიაში იქნება ნიკოლოზ ბასილაშვილიც. გაქვთ სურვილი მას კორტზე კვლავ დაუპირისპირდეთ?

 

- წინააღმდეგი ნამდვილად არ ვიქნები. ვნახოთ, იქნებ წილისყრამ ასეც ინებოს. დარწმუნებული ვარ, მელბურნში ჩვენი პირველი და უკანასკლნელი დაპირისპირება არ ყოფილა. კარიერის მანძილზე სხვადასხვა ტურნირებზე ერთმანეთთან ბრძოლა კიდევ არაერთხელ მოგვიწევს.

 

 

-სტეფანოს, თქვენ სპეციალისტებმა ყველაზე პროგრესირებად ჩოგბურთელად გაღიარეს. შარშან ამ დროს რეიტინგში 82-ე იყავით, ახლა კი მე-12 ხართ. როგორ შეძელით ეს?

 

-შრომის გარეშე არაფერი გამომივიდოდა. ეს მხოლოდ ჩოგბურთს არ ეხება, ყველა სფეროში ასეა.  ბავშვობიდან მიზანდასახული ვიყავი და ამაში ჩემი მშობლების დამსახურება უდიდესია.

 

დიახ, საგრძნობი პროგრესი განვიცადე, თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ.

 

-ჯერ მხოლოდ 20 წლის ხართ. მიუხედავად ამისა უკვე ბევრი თვლის, რომ თქვენი კარიერა შედგა.

 

-მსოფლიოს მეთორმეტე ჩოგნობა ცოტას არ ნიშნავს, მითუფრო ჩოგბურთში ეს ადვილად არ მიიღწევა, მაგრამ მინდა მჯეროდეს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.

 

 

-2019 წელს რა არის თქვენი მთავარი მიზანი?

 

-მოვიგო რომელიმე მასტერსის ტურნირი, მოვხვდე ლონდონის შემაჯამებელ ტურნირზე და სეზონი ტოპ ათეულში დავასრულო.

 

-ლონდონი ახსენეთ და ისიც ვთქვათ, რომ შარშან მილანში ახალგაზრდული შემაჯამებელი ტურნირი მოიგეთ...

 

-ეს მართლაც სასიამოვნო განცდა იყო, მაგრამ იმედი მაქვს წელს იქ ჩასვლა აღარ მომიწევს, რადგან ნოემბერში 8 საუკეთესოს შორის მოვხვდები და მთავარ შემაჯამებელ შეჯიბრს ვითამაშებ.

 

-წლეულს დევისის თასის გათამაშება ახალი ფორმატით გაიმართება. ბევრს ის მოსწონს, ბევრს არა. თქვენი აზრი როგორია?

 

-რთული კითხვაა და ამომწურავი პასუხის გაცემაც გამიჭირდება. დევისის თასზე არასოდეს მითამაშია და ის ატმოსფერო, რაც ამ ტურნირს თან ახლავს მხოლოდ ტელევიზორიდან მინახავს.

 

მომხრეები და მოწინააღმდეგეები ჩვეულებრივი ამბავია. კამათი ყოველი ახალი ნოვაციის თანმდევია. იმედი მაქვს, დევისის თასის ახალი ფორმატი ჩოგბურთს არ აზარალებს და მას მსოფლიოში კიდევ უფრო პოპულარულს გახდის.

 

 

-რომელია თქვენი საყვარელი საფარი?

 

-ყველაზე მეტად ბალახზე თამაში მომწონს.

 

-რა არის თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები?

 

-შეიძლება რომელიმე კომპონენტში ძლიერი იყო, მაგრამ მის კიდევ უფრო დახვეწაზე ყოველდღიურად უნდა იმუშაო. ვარჯიშებზე საათებს ვუთმობ ბექჰენდ-ფორჰენდის გაუმჯობესებას.

 

ისე კი ყველაზე მეტად თავს კომფორტულად ბადესთან გასვლის დროს ვგრძნობ და ვფიქრობ მოწოდებაც კარგი მაქვს.

 

-ვარცხნილობის შეცვლას ხომ არ აპირებთ?

 

-ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. გულშემატკივარმა ასეთად გამიცნო და ეს არის ჩემი იმიჯი. ასე რომ, დალაქთან მისვლას არ ვაპირებ.

 

 

-დაბოლოს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ შორს არ არის ის დრო, როდესაც სტეფანოს ციციპასი მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდება...

 

-ეს ყველა ჩოგბურთელის ოცნებაა. საამისოდ კი თავდაუზოგავ შრომასთან ერთად ბევრი რამის ერთობლიობაა საჭირო.

 

ვნახოთ, ნამდვილად არ ვიქნები წინააღმდეგი თუ ერთხელაც ჟურნალისტებს ინტერვიუს პირველი ჩოგნის რანგში მივცემ. 

 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.