ბასილაშვილი გერმანელით იწყებს

ქართველი ჩოგბურთელისთვის სოფიას ტურნირი უცხო არ არის

სოფიაში მეტად წარმომადგენლობითი საჩოგბურთო ტურნირი დაიწყო, რომლის საპრიზო ფონდიც 586 ათასი ევროა. ბულგარეთის დედაქალაქში იმყოფება ნიკოლოზ ბასილაშვილიც, რომლისთვისაც ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ აღნიშნული შეჯიბრი პირველი იქნება.

 

სხვათა შორის, ჩვენებურისთვის სოფიას ტურნირი უცხო არ არის. მას აქ 2017 წელსაც უთამაშია და ნახევარფინალამდე გასულა. 

 

ნიკოლოზ ბასილაშილი ტურნირზე მეხუთე ნომრად არის განთესილი და წილისყრის შემდეგ მეტოქეს ელოდა, რომელიც საკვალიფიკაციო ეტაპიდან უნდა გამოსულიყო. ძირითად ბადეში, სხვებთან ერთად დანიელ ბრანდსმაც გააღწია და ბასილაშვილიც მოწინააღმდეგეც პირველ წრეში სწორედ ის იქნება. გერმანელი ჩოგბურთელი რეიტინგის 180-ე ნომერია და რა გასაკვირია, რომ წყვილის ფავორიტად უსათუოდ ქართველი ჩოგბურთელი მიიჩნევა.

 

31 წლის ბრანდსმა, საკვალიფიკაციო ეტაპზე პოლონელი კამილ მაჟირაკის და უკრაინელი სერგეი სტახოვსკის ბარიერები დაძლია. 

 

მატჩი 5 თებერვალს თბილისის დროით 14:00 საათზეა ჩანიშნული, თუმცა დაწყების დრო შესაძლოა შეიცვალოს.