მაცდური შეთავაზება რაშფორდს 

კლუბი გააქტიურდა 

მანჩესტერ იუნაიტედის ახალგაზრდა ვარსკვლავის მარკუს რაშფორდის გადაბირებით ევროპის წამყვანი საფეხბურთო გრანდები, მათ შორის მადრიდის რეალი და ბარსელონა ინტერესდებიან. 

 

ცხადია, წითელ ეშმაკებს აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელის შენარჩუნება სურს, რადგან ის გუნდის ამჟამინდელი ფორმაციის ერთ-ერთი ლიდერი და წამყვანი ფიგურაა. სწორედ ამიტომ, ხელმძღვანელობა ინგლისის ნაკრების წევრისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას შეეცდება. 

 

ამჟამინდელი კონტრაქტით, 21 წლის ფეხბურთელი მანჩესტერულ კლუბს 2020 წლის ზაფხულამდე უკავშირდება, თუმცა ხელშეკრულებაში თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების პუნქტიცაა ჩაწერილი.

 

კლუბის მესვეურებს რაშფორდისთვის ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება სურთ, ფეხბურთელის დასაყოლიებლად კი, მას ყოველკვირეული ხელფასის გაორმაგებულ რაოდენობას შესთავაზებენ, რაც 170 000 ევროს უდრის (დამატებით ბონუსები).

 

რაშფორდი ძირითად გუნდში ლუის ვან გაალმა 2016 წელს დააწინაურა, მას მერე ფეხბურთელმა წითლების მაისურით 153 შეხვედრაში 42 გოლი გაიტანა და 24 საგოლე პასიც მოაგროვა.