„რატომ არასოდეს იღიმი“?

ნიკოლოზ ბასილაშვილს აკრიტიკებენ

სოფიის ღია პირველობა ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის დასრულებულია. ქართველ ჩოგბურთელს თითქოს მისალმებაც არ აცადესო ისე დაემართა და ტურნირს სტარტზევე გამოეთიშა.

 

წაგებით ვის არ წაუგია, მაგრამ ბასილაშვილის რეიტინგის 180-ე ჩოგანთან, გერმანელ დანიელ ბრანდსთან მარცხს ალბათ არავინ ელოდა. ჩოგბურთში სენსაციები უცხო ამბავი არ არის და წყვილის ფავორიტიც კორტს ყოველთვის გამარჯვებული ვერ ტოვებს, მაგრამ 31 წლის ბრანდსთან ქართველი ჩოგბურთელი იმდენად უგერგილოდ მოქმედებდა არაერთ გულშემატკივარს სხვა ეჭვები აღუძრა. აშკარაა, რომ ბასილაშვილმა, რომელიც ტურნირზე მეხუთე ნომრად იყო განთესილი ბოლო პერიოდის ყველაზე უღიმღამო მატჩი ჩაატარა.

 

ბასილაშვილმა პირველი სეტი ტაიბრეიქზე წააგო, ხოლო მეორე პარტიაში 4:0 იგებდა, მაგრამ ისიც და შესაბამისად მატჩიც დათმო. ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ  „მაიმუნობას“ ჰქონდა ადგილი, მაგრამ სამეფო სპორტის უცხოელი გულშემატკივრები ასე არ თვლიან და სოციალურ  ქსელში ჩვენებურს დიდ ქოქოლას აყრიან.

 

"ამ საქციელის გამო, იმედია წელს კორტზე აღარ გიხილავთ" , "რამდენი გადაგიხადეს, თამაში რომ წაგეგო?", "ეს მატჩი ჩაწყობილი იყო", „რატომ არასოდეს იღიმი?, „შენ ჯამბაზი ხარ“ - ასეთი კომენტარებით შეამკეს ნიკოლოზ ბასილაშვილი.

 

იმედია, დანიელ ბრანდსთან მარცხს ქართველი ჩოგბურთელი მალე დაივიწყებს და მომავალი ტურნირებისთვის უფრო შემართებით მოემზადება.