როგორ შეცვალა სოლარიმ რეალი


100 დღე: პროგრესი, შეცდომები და ციფრები


ვიდრე ესპანეთის თასის ნახევრფინალში მოსისხლე მტრები ბარსელონა და რეალი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, შეგვიძლია იმ სამთვიან პერიოდს გადავხედოთ, რომელიც სანტიაგო სოლარიმ რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტზე გაატარა და განვიხილოთ, თუ როგორ შეცვალა არგენტინელმა სამეფო კლუბი.

მას მერე, რაც ბარსელონამ რეალი 5:1 გაანადგურა და ხულენ ლოპეტეგი სანტიაგო სოლარიმ ჩაანაცვლა, ზუსტად 100 დღე გავიდა. სოლარი თავდაპირველად დროებით მწვრთნელად მოიაზრებოდა, ესპანეთის ნაკრების ყოფილი დამრიგებლის შემცვლელად კი ანტონიო კონტეს განიხილავდნენ, თუმცა რეალის გეგმები ისე არ განხორციელდა, როგორც ეს ფლორენტინო პერესის სურდა. ჩელსისა და იტალიის ნაკრების ყოფილ თავკაცს უარის თქმის მიზეზი არ დაუმალავს: "რეალი ცხელ კარტოფილს ჰგავს, სწორედ ამიტომ არ ვიღებ ამ შემოთავაზებას". მართლაც, რამდენად რთული უნდა იყოს მდგომარეობა გუნდში, რომ უმუშევარმა სპეციალისტმა მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვან და ბოლო ხუთ სეზონში ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგის მომგებ კლუბში მუშაობაზე უარი განაცხადოს. საბოლოოდ, ეს პოსტი ისეთმა ადამიანმა ჩაიბარა, რომლისთვისაც ეს უდიდესი გამოწვევა იყო.

 

 


ძირითად გუნდამდე

ძირითად გუნდში დანიშვნამდე, სანტიაგო სოლარი კასტილიას ხელმძღვანელობდა და ამას "რამდენადაც შესაძლებელი იყო" წარუმატებლად აკეთებდა. პირველი სეზონი გუნდმა სეგუნდა დივიზიონის გასავარდნი ზონიდან 5-ქულიანი დაშორებით და ბურთების უარყოფითი ბალანსით დაასრულა, მეორე წელს სარეზერვო გუნდმა შედარებით უკეთესი შედეგი აჩვენა და მერვე ადგილი დაიკავა.

საინტერესოა, რომ სოლარიმ მთავარი გუნდის გაწვრთნის შეთავაზება ფუენლაბრადასთან საშინაო მატჩის წაგებიდან 1 დღის შემდეგ მიიღო

 

ის რაც შეიცვალა

ახლა კი შევხედოთ იმას, რაც ბოლო 3 თვის განმავლობაში მოხდა: რეალმა 23 მატჩი ჩაატარა, 18 მოიგო 4 წააგო და 1 ფრედ დაასრულა. გუნდი ლა ლიგაში მეცხრედან მესამე ადგილზე ამღზევდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. გასაკვირია, მაგრამ ფაქტია, რომ მას შემდეგ, რაც რეალი სოლარიმ ჩაიბარა, გუნდი უფრო ხშირად იგებს, ვიდრე მოქმედი ჩემპიონი და მიმდინარე გათამაშების ლიდერი - ბარსელონა. ამ პერიოდში მადრიდელებმა საკუთარი შეხვედრების 78 % მოიგეს, მაშინ როდესაც კატალონიელთა ანგარიშზე 66 პროცენტია (21 მატჩიდან 14). გასაოცარია თუ როგორ გააკეთა ეს იმ მწვრთნელმა, რომელიც სეგუნდა დივიზიონში ცუდ შედეგებსა და არცისე კარგ რეპუტაციას ფლობდა.

უცნაურად ჟღერს, მაგრამ რეალში წარმატებულად მუშაობისთვის, სოლარის კასტილია და იქ მიღებული გამოცდილება ეხმარება. არგენტინელი არ იქცევა ისე, როგორც კონცეპტუალისტი, ის არ აყალიბებს ერთ დიდ და ძლიერ სისტემას, რომლითაც გუნდი ყველა სიტუაციაში ითამაშებს. იგი უბრალოდ ცდილობს მოერგოს რეალობას და გაუმკლავდეს მძიმე მემკვიდრეობას, რომელიც მან რეალში მოსვლისას მიიღო, სწორედ ესაა სანტიაგოს უპირატესობა.

სოლარი მზადაა მუდმივი ადაპტაციისთვის, მისი ყოველი გადაწყვეტილება ტაქტიკურია და არის სტრატეგიული. ის მოქმედებს არა საყოველთაო საფეხბურთო იდეის, არამედ იმ მოცემული გარემოებების მიხედვით, რომელშიც თამაში უწევს.

სიტუაციური ბალანსი - შესაძლოა ეს არ არის მაურისიო სარის ცნობილი ტაქტიკა ან იურგენ კლოპის საყვარელი მაღალი პრესინგი, მაგრამ ის არანაკლებ ეფექტურია.
ზინედინ ზიდანის ხელშიც, რეალი მუდმივი სათამაშო სქემით არასდროს თამაშობდა. ლეგენდარული ფრანგი სპეციალისტი მეთაურობით, ბლანკოსებს ისეთი განლაგებები მოუსინჯავთ: როგორიცაა 4-3-3 და გაძლიერებული შეტევა, ასევე 4-4-2 მარკო ასენსიოსა და ლუკას ვასკესის ფლანგზე განაწილებით, 4-3-1-2 მაშინ როდესაც ისკო თავდამსხმელების უკანაა და სხვა... ორწელიწადნახევრის განმავლობაში, ზიდანი თითოეული მატჩისთვის განსხვავებულ სათამაშო სქემას არჩევდა და ალბათ ამის შედეგია ის, რომ 2016/17 წლების სეზონში გუნდმა ყველა მოთამაშე გამოიყენა - 21-მა ფეხბურთელმა მთელი სეზონის განმავლობაში ესპანეთის ჩემპიონატში მოედანზე 1000-ზე მეტი წუთი გაატარა. სწორედ თითოეული შეხვედრისათვის შესაბამისად მომზადება განაპირობებდა იმას, რომ მადრიდელები 3 წლის განმავლობაში ევროპაში ვერავინ შეაჩერა.

სწორედ სიტუაციური ბალანსის ძებნას გავს ის, რასაც სანტიაგო სოლარი აკეთებს. მან თამაში 4-3-3 ტაქტიკით დაიწყო, როცა თავდასხმაში ასენსიო, ბენზემა და ბეილი იყვნენ განაწილებული, მაგრამ პირველი სამუშაო თვის განმავლობაში, ეს სქემა არაერთხელ იქნა შეცვლილი. მოხდა ფლანგზე ბეილის ჩანაცვლება, კროოსმა სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა, სებალიოსი ფორვარდების უკან გამაგრდა.

 



სოლარი ასევე მუდმივად მიმართავს როტაციას, ალავესთან ლა ლიგაში გამართულ შეხვედრაში, ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ოთხმა ისეთი ფეხბურთელმა ითამაშა, რომელმაც კოპა დელ რეიზე ჟირონასთან მატჩი პირველი წუთიდანვე დაიწყო.

კაზემირო კვლავ გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა გახდა. გარდა ბურთის ტოტალური ფლობისა, ბრაზილიელს ბურთის არეშეც უდიდესი სამუშაოს შესრულება შეუძლია, ის ხშირად გადაადგილდება და პარტნიორებისთვის სახიფათო ზონაში შესასვლელად სივრცეს ათავისუფლებს. ჯერჯერობით იგივეს გაკეთება არ შეუძლია მარკოს ლორენტეს და მასთან ერთად, ლოპეგეტის სტილში, სამი ნახევარმცველით თამაშმა ეიბართან მძიმე მარცხი (0:3) გამოიწვია (თუმცა ასეთი ექსპერიმენტების ჩასატარებლად, შეუსაბამო მეტოქე იქნა შერჩეული).

სოლარის არ შეუძლია ბურთის ხარისხიანად ფლობის საკითხში გუნდის ისეთ დონეზე მომზადება, როგორც ამას ლოპეტეგი აკეთებდა, რაც არგენტინელმა სწრაფად გაანალიზა და უფრო მეტად გასაუმჯობესებელი საკითხების დახვეწაზე დაიწყო მუშაობა. ეს მისი კიდევ ერთი უპირატესობაა.

წინა მწვრთნელს ჰქონდა გეგმა, მაგრამ კრიშტიანუ რონალდუს ტურინის იუვენტუსში წასვლამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. თუმცა, მაშინ როცა მარსელო კარვახალი და ბეილო ტრავმირებულები არიან, თავდამსხმელების ბურთით მომარაგება კი მხოლოდ ლუკა მოდრიჩს შეუძლია, გეგმის შეცვლა უკეთესი გადაწყვეტილებაა. უნდა ითამაშო მარტივად და გამოიყენო ყველა ის ძლიერი მოთამაშე, რომელიც დაგრჩა.

ლოპეტეგის ჰქონდა შესაძლებლობა გამოეყენებინა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველი კაზემირო, რომელსაც ბურთთან ერთად არაჩვეულებრივი სამუშაოს შესრულება შეეძლო თუმცა მას სათადარიგოთა სკამზე ტოვებდა. ის ასევე არ ენდობოდა გუნდის ტალანტს ვინიციუს ჯუნიორს რომელიც გუნდის ტაქტიკური სქემისთვის განსხვავებული ფეხბურთელი ნამდვილად არ ყოფილა. მართლაც, 18 წლის ბრაზილიელს კარგად შეუძლია სივრცეში მუშაობა, როგორც ბურთის გაცემა, ისე სახიფათო ეპიზოდების შექნა, რაც ლოპეტეგის სქემისთვის გამოსადეგი იქნებოდა. ამ მხრივ, სოლარი ამომავალ ვარსკვლავს არ ზღუდავს - ვინიციუსი იღებს თავისუფლებას და საპირისპირო ფლანგზე ლუკას ვასკესთან (ზოგჯერ გარეთ ბეილთან) ერთად იერიშებს წარმართავს.

 


ვინიციუსისა და ბენზემას უნარ-ჩვენებმა შესაძლებელი გახადა შეტევის უფრო მეტი მრავალფეროვნება. ფრანგს ფლანგზე თამაში კარგად შეუძლია, ისევე როგორც ბრაზილიელს - ცენტრში.

სოლარის მუდმივი ჩართულობა რეალს რთული სიტუაციებიდან თავის დაღწევის შესაძლებლობას აძლევს. თუკი კარვახალისა და მარსელოს ტრავმები ლოპეტეგის ფეხბურთის წარუმატებლობის ძირითადი მიზეზი ხდებოდა, ახლა სანტიაგო სოლარის ამის გამო არავინ აკრიტიკებს.
ბოლო მატჩი, რომელიც მადრიდში ალავესის (ევროზონაში იმყოფება) წინააღმდეგ შედგა, დაცვის ფლანგები რეგილონისა და ოდრიოსოლას მიერ იქნა ათვისებული. მადრიდელთა შეტევების 40% სწორედ მარცხენა ფლანგიდან განხორციელდა, სახიფათო ეპიზოდები კი ყველაზე მეტად ვინიციუსის, ქარიმ ბენზემასა და დანი სებალიოსის მხრიდან შეიქმნა. რეგილონი შეტევაში წარმატებით იქნა გამოყენებული. 3 გოლიდან 2 ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ გავიდა, მაშინ როდესაც ძირითადი განაპირა მცველები მოედანზე არ იმყოფებოდნენ. სხვათაშორის, ამ თამაშში მადრიდელთა ბურთის ფლობა 70 პროცენტზე მეტი იყო, რაც ლოპეტეგისთვის სასიამოვნო იქნებოდა.


ერთი შეხედვით შესაძლოა ჩანდეს, რომ ბურთის ფლობის ასეთი მაღალი მაჩვენებლის დაფიქსირება გუნდის თვითმიზანია, მაგრამ ეს შეცდომაა. იმ ბეტისთან შეხვედრაში, რომელიც ბურთის ფლობის მაჩვენებლით მხოლოდ ბარსელონას ჩამორჩება და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა, ამ კომპონენტში რეალის შედეგი 25% იყო. სამეფო გუნდმა მარტო 244 პასი გააკეთა, საიდან 25 ჯვარედინი, 44 კი გრძელი გადაცემა იყო, ეს ისეთივე შედეგია, როგორსაც რეალის ყოფილი მთავარი მწვრთნელის - რაფაელ ბენიტესის ნიუკასლი აჩვენებს. მიუხედავად ამისა, რეალმა მხოლოდ ორი ზუსტი დარტყმა მიიღო, იმარჯვა (1:2) და დაამტკიცა, რომ ყველა ტიპის მეტოქესთან წარმატებულად თამაში შეუძლია.

სოლარი მისი ვინგერების უნარ-ჩვევებს კომპეტენტურად და რაციონალურად იყენებს. გარეთ ბეილი და ლუკას ვასკესი მარჯვენა ფლანგზე ერთმანეთს ანაცვლებენ და განსხვავებული ამოცანების შესრულებას ცდილობენ: ერთი მათგანი მუდმივად მოძრაობს, რათა მიიღოს ბურთი, შეიწიოს ცენტრში და დაარტყას ან მეტოქის კარს ხიფათი შეუქმნას, მეორე კი ელოდება პასს, რომ ბურთი კუთხურისკენ წაიღოს, შემდეგ კი საჯარიმოში შეიჭრას.

 

 

ის რაც უნდა შეიცვალოს

რეალი ისეთი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომლის დამარცხებაც რთულია, თუმცა არა შეუძლებელი. რამდენიმე გამარჯვება არა თამაშის მაღალი ხარისხის, არამედ მეტოქის დაბალი დონით იყო გამოწვეული (მაგალითად ვალიადოლიდთან). რეალმა ვალენსია დაამარცხა, თუმცა თამაშის ხარისხზე ეს საერთოდ არ ასახულა.

კონცენტრაციის პრობლემები გუნდს ჯერ კიდევ ზინედინ ზიდანის დროიდან აქვს, იყო მომენტები, როცა თითქოს გუნდი ოპტიმალურ ფორმაში იმყოფებოდა, მაგრამ მაღალი სათამაშო ხარისხისთვის აუცილებელი სეგმენტები გამოირთვებოდა, თითქოს ყველა უკვე გამოეყენებინათ. ეს არ შეცვლილა.

რეალს ასევე უჭირს გოლის გაშვების შემდეგ შეტევაში გადასვლა ან კიდევ, გატანილი გოლის მერე გუნდი მალე ჩერდება. გავიხსენოთ ესპანეთის სამეფო თასზე ფირმასთან ჩატარებული მატჩი, სადაც რეალმა უპირატესობის მოპოვების შემდეგ, თითქოს ბურთის დაჭერა სცადა, მაგრამ სინამდვილეში უკან დაიხია, რის გამოც უმაღლესი კლასის გუნდებიც კი ხშირად ისჯებიან.

ეს რამდენიმე ხარვეზი სოლარის მიერ დაწყებული რევოლუციისა და მისი პროგრესის რეალურობაზე გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა ევროპის უძლიერესი გუნდის ჩამოსაყალიბებლად, მხოლოდ ტაქტიკური გაუმჯობესება საკმარისი არაა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს გუნდში არსებულ ატმოსფეროს და ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრება არ არის, იგივეს მადრიდელთა კაპიტანი სერხიო რამოსიც ფიქრობს: " მიმაჩნია რომ გასახდელში არსებული ურთიერთობები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ტაქტიკური ცოდნა".-ამ სიტყვებით დაემშვიდობა ესპანელი მცველი ხულენ ლოპეტეგის.
ანალოგიური აზრი აქვს თავად სოლარისაც, რომელმაც რეალში ლუიშ ფიგუს, ზინედინ ზიდანის, დევიდ ბექჰემის და სხვა ვარსკვლავების გვერდით თამაშის დროს თქვა: "ვისენტე დელ ბოსკე ძალიან ძლიერი მწვრთნელია თუმცა ვფიქრობ მისი საუკეთესო თვისება ფეხბურთელებს შორის კარგი ურთიერთობების აშენებაა"...

ვნახოთ, ააშენებს თუ არა ახალბედა მწვრთნელი ისეთ ურთიერთობებს და გუნდს, რომელიც ნებისმიერი  კონკურენტისთვის კვლავ ყველაზე რთული მეტოქე გახება...

 





მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.