აჯამი

მან საკუთარ თავს თამასა ისეთ სიმაღლეზე დაუყენა, რომ შეიძლება კისერი მოიტეხოს. 

დიდი ამბავია პრემიერლიგაში, დიდი. მანჩესტერ სიტი და ლივერპული კატათაგვობანას თამაშობენ. იქით კლოპი დუღს, აქეთ გვარდიოლა. პირველობის წყურვილი, ამბიცია ახრჩობს ორივეს…

გვარდიოლამ ამასწინათ თქვა, დიდი გუნდი ის არის, რომელიც ყოველ წელიწადს ჩემპიონი ხდებაო — ბარსა, ბაიერნი და იუვე ახსენა. ეს იმას ნიშნავს, რომ თავისი სიტით მთლად კმაყოფილი მაინც არ უნდა იყოს. რა ქნას, სხვა სიმაღლეებსაა დაჩვეული. მან ხომ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიას დაუვიწყარი გუნდი შეუქმნა და საკუთარ თავს თამასა ისეთ სიმაღლეზე დაუყენა, რომ შეიძლება კისერი მოიტეხოს. 

არადა ჯიუტია. არ გაჩერდება.

 

ჰოდა მოდი, მისი სიჯიუტის დასადასტურებლად კატალონიელი ავტორის გილემ ბალაგეს წიგნიდან ის მონაკვეთი  გავიხსენოთ, სადაც აღწერილია, როგორ გახდა პეპი მწვრთნელი.

თურმე, 2007 წელს, ბარსელონას დირექტორთა ერთ-ერთ შეკრებაზე, გვარდიოლას ყმაწვილთა აკადემიის მენეჯერად (მწვრთნელად კი არა, მენეჯერად!) დანიშვნის საკითხი დაუყენებიათ. პეპის მეგობარი და  კლუბის  ერთ-ერთი დირექტორი ევერისტ მურტრა კი კბილის ექიმთან ყოფილა და თათბირზე დაუგვიანია. მან ის მომეტი გამოტოვა, როდესაც ჩიკი ბეგერისტაინმა პეპზე ილაპარაკა, ასეთი და ასეთი კაციაო. ოთახში რომ შევიდა, ჩიკი უკვე  ბარსელონა B-ზე ლაპარაკობდა და დირექტორატის წევრებს მის მწვრთნელად ლუის ენრიკეს სთავაზობდა. 

 

დაგვიანებულმა მურტრამ ბოდიში მოიხადა და თავაზიანად ითხოვა, იქნებ მიამბოთ ჩემ მოსვლამდე რა მოხდაო. როდესაც მოუყვნენ, უკმაყოფილოდ დაიჯღანა, რადგან იცოდა, რომ გვარდიოლას მწვრთნელის ლიცენზია უკვე მიღებული ჰქონდა და ჭკუაზე არ იყო, ისე სურდა ახალ პროფესიაში ძალების მოსინჯვა. სწორედ ამ დროს ბეგირისტაინი ოთახიდან გავიდა. მურტრამ ეს რომ დაინახა, საპირფარეშო მოიმიზეზა და ლიფტთან დაეწია. 

პატივი მეცი, ერთი წუთით პეპს გადაურეკე. ჰკითხე, იქნებ მწვრთნელად უნდა მუშაობა. რა იცი, რას გეტყვის   — უთხრა მურტრამ ბეგირისტაინს. ჩიკიმ რჩევა ყურად იღო, დარეკა და შეხვედრაც დაითქვა  —  კამპ ნოუს  გვერდით, სასტუმრო  პრინცესა სოფიაში. 

შეხვედრაზე კი საუბარი დაახლოებით ასე წარიმართა:

გვარდიოლა: შემოთავაზებისთვის დიდი მადლობა, მაგრამ მე მწვრთნელობა მინდა. 

ბეგირისტაინი: კი მაგრამ, სად? პირველ გუნდში რაიკარდის ასისტენტის ადგილიც კი არ მაქვს.

 

გვარდიოლა: B გუნდი ჩამაბარე. მესამე დივიზიონში ვცდი ძალებს.

ბეგირისტაინი: რა?! გაგიჟდი?! გინდა, რომ მუდმივად აგებდე? გაცილებით ადვილია მთავარი  ბარსელონა  ჩემპიონი გახადო, ვიდრე B გუნდი ერთი ლიგით ზევით გადაიყვანო. 

გვარდიოლა: გთხოვ, ნება მომეცი B გუნდში დავიწყო. ზუსტად ვიცი რა უნდა გავაკეთო მაგ ფეხბურთელებთან. 

ბეგირისტაინი: კი მაგრამ, ის, რასაც ჩვენ გთავაზობთ გაცილებით სჯობია B გუნდის გაწვრთნას. ბოლოს და ბოლოს, უფრო მაღალი ხელფასი გექნება. პრესტიჟის თვალსაზრისითაც, სად აკადემია და სად  ბარსელონა B. რა გინდა მესამე დივიზიონში, გამაგებინე?!

ცნობისათვის:  2007 წელს  ბარსელონას  B გუნდი ოცდათოთხმეტ წელიწადში პირველად გავარდა მესამე დივიზიონში. მაგრამ, როდესაც გვარდიოლა რამეს დაიჩემებს...

 

გვარდიოლა: მწვრთნელი მინდა გავხდე. თუ გინდა ბავშვებს გავწვრთნი, ყველაზე პატარებს  — ვინც პირველად მოვიდა ფეხბურთზე. ჩემთვის მთავარია მწვრთნელობას მოვკიდო ხელი.

ბეგირისტაინი: გაგიჟებულხარ! იმ B გუნდის გადარჩენაში თავად დაიღუპები. იმაზე არ გიფიქრია, ჩვენზე რას იტყვის ხალხი?  —  ბარსელონას  ერთ-ერთი სახე და თილისმა პეპ გვარდიოლა მესამე დივიზიონში გადაკარგესო! 

მაგრამ… 

ჩიკიმ კაპიტულაცია გამოაცხადა. ის იძულებული გახდა წინააღმდეგობა შეეწყვიტა და გულდასმით ესმინა ყოფილი თანაგუნდელისთვის. დაწვრილებით გაცნობოდა რას უპირებდა გვარდიოლა B გუნდს, როგორ ვარჯიშებს ჩაატარებდა, როგორ რეჟიმს შეარჩევდა.

პეპი: ახალგაზრდებთან მუშაობა მჭირდება. ნახავ, მე ამ გუნდს ზედა დივიზიონში გადავიყვან!

გვარდიოლა იმდენად დაბეჯითებით ლაპარაკობდა, რომ ჩიკიზე შთაბეჭდილება მოახდინა. ბეგირისტაინი დაუკავშირდა ხალხს, ვინც პეპთან ერთად მწვრთნელთა კურსებზე დადიოდა და ყველასგან ერთი პასუხი მიიღო — ასეთი მონდომებული სტუდენტი არასდროს გვინახავსო. 

შედეგად, 2007 წლის 21 ივნისს, ფეხბურთელობისთვის თავის დანებებიდან შვიდ თვეში, ხოსეპ გვარდიოლა  ბარსელონა B -ს მწვრთნელად დაინიშნა.

— კი მაგრამ, პეპ, დარწმუნებული ხარ, რომ კარგად მოიფიქრე, რაც გააკეთე?  — ჰკითხა გვარდიოლას მავანმა, სხვა მეგობარმა როდესაც მისი B გუნდში დანიშვნის ამბავი გაიგო,  — ქვედა დივიზიონში ხომ ნამდვილი ჯოჯოხეთია. იმ ფეხბურთს, რომელსაც შენ იცნობ იქ არ თამაშობენ. გაწვალდები.

 

 — მე მხოლოდ და მხოლოდ მწვრთნელობა მინდა,  — გაისმა ახირებული პასუხი.

დიდი აჯამი კაცია მანჩესტერ სიტის დღევანდელი თავკაცი.

P.S. ჩიკი ბეგირისტაინი კი მანჩესტერ სიტის სპორტული დირექტორი გახლავთ.