პარიზი ვერ მოოქროვდა

პირველ საშეჯიბრო დღეს ქართველმა ძუდოისტებმა 3 მედალი მოიპოვეს

საფრანგეთის დედაქალაქში მიმდინარე გრანდ-სლემზე ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა პირველ საშეჯიბრო დღეს 3 მედალი მოიპოვა. ამ უპრესტიჟულეს ტურნირზე ყველა გააოცა თემურ ნოზაძემ, რომელიც საქართველოს მოქმედი ჩემპიონია და ეროვნულ ნაკრებშიც დებიუტი ჰქონდა.

21 წლის ახალგაზრდა ძიუდოისტმა 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნახევარფინალამდე გააღწია და იქ იაპონელ ტაკატოსთან წააგო, რომელმაც მოგვიანებით პარიზის გრანდ-სლემი მეოთხედ მოიგო. მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში კი ნოზაძემ ისრაელის წარმომადგენელ ბენ დავიდს მოუგო, რაც ქართველ ძიუდოისტს უდავოდ წარმატებად უნდა ჩავუთვალოთ.

 

მეორე ბრინჯაოს მედალი კი ქართულ ყულაბაში ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) ჩააჩხრიალა. მან რეპეშაჟში ჯერ სომეხ კარაპეტიანს, შემდეგ კი აზერბაიჯანელ ჰეიდაროვს მოუგო და მკერდი ბრინჯაოს მედლით დაიმშვენა.

 

პარიზში გაშლილ ტატამზე, პირველი საშეჯიბრო დღის ფინალებს ჩვენებურის გარეშე არ ჩაუვლია. ოქროს მედლის მოპოვების შანსი ვაჟა მარგველაშვილს (66კგ) ჰქონდა, მაგრამ ქართველი სპორტსმენი მოლდოველ დენის ვიერუსთან ვერას გახდა და იპონზე დაეცა. მიუხედავად ამისა, ვაჟა მარგველაშვილმა პარიზში 700 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და თავის წონაში რეიტინგის პირველი ნომერი გახდა.