მიდიან ბავშვები, ხდებიან კაცები

ნორბერტ ელგერტის სახელ–გვარი, შესაძლოა, არაფერს ეუბნებოდეს ქართველ მკითხველს, მაგრამ ცნობილი და დაფასებული კაცია გერმანიაში. 62 წლის ელგერტი შალკეს 19–წლამდელთა გუნდის მწვრთნელი და მთლიანად, ახალგაზრდული სექტორის ხელმძღვანელია.

ფოტოზე ნახავთ 11–კაციან სიმბოლურს. ყველანი ელგერტის შეგირდები იყვნენ.  მეტიც, სწორედ ელგერტის მეშვეობით მოხვდნენ შალკეში!

 

ნორბერტ ელგერტი – მახვილი თვალი, აღმზრდელი. ამ მხრივ მას ბადალი არ ჰყავს არათუ გერმანიაში, არამედ ევროპაშიც კი. შალკეში თამაშობდა, მაგრამ როგორც ფეხბურთელს, დიდი არაფრისთვის მიუღწევია, აი, 1996 წელს კი შალეს ახალგაზრდულ სექტორში დაიწყო მუშაობა და 23 წლის განმავლობაში სულ უფრო და უფრო მატულობს მისი ავტორიტეტი.

 

შალკეს აკადემიას ჰქვია Knappenschmiede (მეშახტეთა სამჭედლო) და საუკეთესოა გერმანიაში. ელგერტმა 23 წლის განმავლობაში 80–ზე მეტი ტალანტი მიიყვანა შალკეში და აქედან ნახევარზე მეტმა გაუმართლა. პროცენტულად არანორმალური შედეგი აქვს.   

 

„მასთან მიდიან ბავშვები, მაგრამ ბრუნდებიან, როგორც კაცები“ – ეს დრაქსლერის სიტყვებია.

 

„ელგერტს არ ადარდებდა ჩემი წარმომავლობა. მას საფეხბურთო და ადამიანური საკითხები აინტერესებს. ელგერტმა დიდი სამუშაო გასწია, რათა მამაჩემი დაერწმუნებინა, შალკეში მივეყვანე“ – აცხადებს მესუთ იოზილი და სხვათა შორის, ელგერტი შალკეში მომუშავე ერთადერთი კაცია, რომელსაც იოზილი თბილად იხსენებს.

 

ნოიერი, სანე, დრაქსლერი, ჰიოვედესი, მაიერი, იოზილი, სამბრანო, მატიპი და სხვები... როდესაც ასეთ კაცზე სტატია ვნახეთ, მასთან მომუშავე ქართველ ფეხბურთელსაც შევეხმიანეთ. შალკეში ორი ქართველი გვყავდა: ლევან კობიაშვილი და ლევან ყენია. კობი "ხუმარებში" 26 წლისა მივიდა, აი ყენია კი 17 წლისა იყო... ელგერტი ლევანის მწვრთნელიც იყო შალკეს 19–წლამდელებში.

 

"ჩემი მწვრთნელი იყო. ტრანსფერშიც შეიტანა წვლილი და საერთოდ, ბევრს წყვეტს კლუბში. ელგერტს კლუბთან სამუდამო კონტრაქტი აქვს" – გვითხრა ყენიამ.

 

ბაიერნი, რეალი, არსენალი, ლაიპციგი, ჩელსი – ეს არასრული სიაა კლუბებისა, რომლებსაც ელგერტი სურთ, მაგრამ... სამუდამო კონტრაქტი! ელგერტის მახვილმა თვალმა "ხუმარებს" ასობით მილიონი აშოვნინა. 

 

თავად ელგერტის სიტყვებია: „არასოდეს ვიცი, ხვალ რა მოხდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დორტმუნდში არასოდეს გადავალ“.