პარიზში ლიპარტელიანის იმედად

ფინალში გადასასვლელად ვარლამ ლიპარტელიანი სამხრეთ კორეელ გუამ ჩოს დაეჭიდება

პარიზში მიმდინარე გრანდ-სლემზე პირველ საშეჯიბრო დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა 3 მედალი მოიპოვეს. ლაშა შავდათუაშვილმა და თემურ ნოზაძემ ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს, ხოლო ვაჟა მარგველაშვილი ვერცხლს დასჯერდა.

 

მეორე დღეს ტატამზე 4 წონითი კატეგორიის ძიუდოისტები გავიდნენ. სამწუხაროდ, საქართველოს 90 კგ-ში მონაწილე არ ჰყავდა, ხოლო სხვა წონებშიც შედარებით გამოუცდელმა და ახალბედა ძიუდოისტებმა თავი ვერ გამოიჩინეს.

 

კობა მჭედლიშვილი (81კგ) შეჯიბრს სტარტზევე გამოეთიშა, როდესაც ბელგიელ მეტოქესთან წააგო. ლაშა ტაველური (100კგ) ტურნირს მეორე წრეში ამერიკელ ძიუდოისტთან წაგების შემდეგ დაემშვიდობა, ხოლო მძიმე წონაში ონისე ბუღაძე და გიორგი ზაქარიაძეც ტურნირს მალევე გამოეთიშნენ.

 

ერთადერთი ნათელი წერტილი ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი გამოდგა, რომელიც ნახევარფინალში გავიდა. „ლიპომ“  გზად ტაილანდელი პუანგი, ბულგარელი დიჩევი და ფრანგი იდირი ჩამოიშორა.

 

ფინალში გადასასვლელად ვარლამ ლიპარტელიანი სამხრეთ კორეელ გუამ ჩოს დაეჭიდება.