სარის ვნებანი

რატომ არ ჩამოართვა ხელი იტალიელმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლას?

პრემიერლიგის 26-ე ტურში ჩელსი საშინლად შერცხვა. არისტოკრატებმა მანჩესტერ სიტისთან გასვლაზე 0:6 წააგეს და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე დაქვეითდნენ. ლონდონელთა მთავარი მწვრთნელი, მაურისიო სარი იმდენად იყო თავზე ლაფდასხმული, რომ მატჩის შემდეგ თავის ვიზავის - პეპ გვარდიოლას ხელი არ ჩამოართვა და გასახდელში უკანმოუხედავად მოკურცხლა.

 

მოგვიანებით, იტალიელმა სპეციალისტმა განმარტა, რომ გვარდიოლასთან არავითარი პრობლემა არ აქვს და უბრალოდ ის ვერ შეამჩნია, თორემ ხელსაც აუცილებლად ჩამოართმევდა და გამარჯვებასაც მიულოცავდა.

 

ნიშანდობლივია, რომ ჩელსის პრემიერლიგაში ასეთი კატასტროფული სხვაობით აქამდე არასოდეს წაუგია. შეგახსენებთ, მანამდე ჩელსი ბორნმუთთან 0:4 შერცხვა.

 

მომდევნო მატჩი ჩელსის ევროპის ლიგის ეგიდით, მერვედფინალში სტუმრად მალმიოსთან აქვს.