ნაბი, მოიყვანე ტიმო!

ლივერპულმა ვერნერს კეიტა მიუგზავნა

 

ნახევარმცველი ნაბი კეიტა ძველ თანაგუნდელ ტიმო ვერნერს ლივერპულში ეპატიჟება. 

შეგახსენებთ, ლივერპულმა კეიტა ბუნდესლიგის ლაიფციგიდან გადაიბირა, სწორედ იმ გუნდიდან, სადაც ახლა გერმანიის ნაკრების შემტევი ტიმო ვერნერი თამაშობს. ინგლისელებს ვერნერის გადაბირება კეიტასთან ერთად სურდათ, მაგრამ მაშინ გარიგება არ შედგა. ახლა კი ჩანს, „წითლებმა“ფორვარდის შეძენის იდეა „გააცოცხლეს“ და მისი „სისრულეში მოსაყვანა“ კეიტას თხოვეს. 

„ჩვენ ერთად წარმატებული პერიოდი გავატარეთ ლაიფციგში. ტიმო ჩემი საუკეთესო პარტნიორი იყო. დიდი იმედი მაქვს, რომ ის დრო კიდევ განმეორდება და ისევ მოგვიწევს ერთად თამაში. ვიცი, ის ლაიფციგის დატოვებას ეშურება და ამიტომაც ვთხოვ, სხვადასხვა შეთავაზებებას შორის თავდაპირველად ლივერპულის წინადადება განიხილოს“, - უთხრა ნაბი კეიტამ გერმანულ ბილდს. 

 

იქვე, გამოცემა ლივერპულელი სეიდუ მანეს სიტყვებსაც ციტირებს. სენეგალელი ამბობს, რომ ვერნერის სათამაშო სტილი ლივერპულისთვის ზედგამოჭრილია.

„ის ძლიერი და გონიერი ფეხბურთელია. მომწონს მისი თამაშის მანერა, გადამწყვეტ მომენტში კონცენტრაციას ახდენს და მომენტების აბსოლუტურ უმრავლესობას გოლით ამთავრებს. ის ლივერპულს გამოადგებოდა“.

სამაგიეროდ, საპირისპიროს ამბობს ლაიფციგის ბოსი რალფ რანგნიკი, რომელმაც ჯერ კეიტას გაჰკრა კბილი, მერე კი ვერნერზე თქვა"

„ერთ გუნდში თუ ლიდერი ხარ, ეს არ ნიშნავს, რომ სხვაგანაც ასე იქნება. კეიტა ჩვენთან მართლაც ჩინებულ ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ ლივერპულში წავიდა და ჩაიკარგა,  მას ძირითადში დასამკვიდრებლად უწევს ბრძოლა. ვშიშობ, რომ იგივე დაემართება ვერნერს. ლაიფციგში რომ მაღალ დონეზე თამაშობს, სხვაგან ეგებ პირიქითაც იყოს. ბევრი რამ პარტნიორებზე არის დამოკიდებული“, - აღნიშნა ლაიფციგის თავკაცმა. 

კონკრეტულად ლივერპულისგან ვერნერის თაობაზე ჯერ არაფერი ისმის, თუმც კეიტას მეშვეობით ირიბად კი მიანიშნეს, რომ 22 წლის ფორვარდის გადაბირების სურვილი ჯერაც არ განელებიათ. 

ტიმო ვერნერს ლაიფციგთან კონტრაქი სეზონის ბოლოს უმთავრდება, გაგრძელებას კი არ ჩქარობს.