გამოცდილებამ შემართებას აჯობა

რეალმა 1/4-ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო წყვილში პირველი მატჩი ამსტერდამ არენაზე შედგა. ადგილობრივმა აიაქსმა, რომელიც მიმდინარე გათამაშებაში ერთ-ერთი ყველაზე შემტევი და ხალისიანი გუნდია, ტურნირის ბოლო 3 სეზონის გამარჯვებულ და ყველა დროის რეკორდსმენ მადრიდის რეალს უმასპინძლა.

მაყურებელი ორმხრივი შეტევებისა და სანახაობრივი თამაშის მოლოდინში იყო. პირველი ნახევარი მართლაც ძალიან სასიამოვნო საყურებელი გამოდგა, თუმცა დომინანტის როლში მასპინძლები იყვნენ, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ და არაერთი საგოლე ეპიზოდი შექმნეს. განსაკუთრებით აქტიური დუშან ტადიჩი იყო.

36-ე წუთზე, როცა ამსტერდამელთა უპირატესობა თვალშისაცემი გახდა, ლასე შონეს მიერ კუთხურიდან ჩაწოდებას საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, საბოლოოდ ბურთზე ნიკოლა ტალიაფიკომ ითამაშა და ის მეტოქის კარში გადაგზავნა, თუმცა ტურნირის არსებობის ისტორიაში პირველად, გოლი ვიდრო-რეფერის ჩარევის შემდეგ გაუქმდა.

გარდა ამ ეპიზოდისა, აიაქსს სხვა საგოლე შანსებიც ჰქონდა, თუმცა პირველ ნახევარში კარის მშრალად შენახვა სერხიო რამოსის შესანიშნავი თამაშის დამსახურება იყო.

თამაშის სცენარი არც მეორე ნახევარში შეცვლილა, აიაქსი უტევდა, კარის მიმართულებით ურტყამდა და გოლს ეძებდა, რეალი კი მეორე ნომრად თამაშობდა და შანსს ელოდებოდა. ასეც მოხდა, მე-60 წუთზე, რეალმა პირველი სახიფათო შეტევა შემოგვთავაზა - სოლო-რეიდი ვინისუსმა წამოიწყო, საჯარიმოში შევიდა, ბურთი ბენზემას გადააწოდა და ფრანგმა ფორვარდმაც ონანას აუღებელი დაურტყა.

აიაქსი გაშვებული გოლის შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდა და მეტი საგოლე შანსიც მიეცა. 75-ე წუთზე, ესპანელთა საჯარიმოსთან მშვენიერი კომბინაცია გათამაშდა, რომელიც ჰაკიმ ზიეჩმა ზუსტი დარტყმით დაასრულა და ანგარიში გაათანაბრა.

აიაქსმა მუხტი მიიღო და უფრო თამამად ათამაშდა, მაგრამ მომენტების რეალიზებას ვერ ახერხებდა, რამაც მატჩის ბედიც გადაწყვიტა. ამსტერდამელთა შეცდომებს ძირითადი დროის ამოწურვამდე 3 წუთით ადრე მეტოქის კონტრშეტევა მოჰყვა, კარვახალის პასით მარკო ასენსიომ ისარგებლა და მის გუნდს კლასიკური გამარჯვება მოუპოვა - 2:1.


საბოლოოდ, კლასმა და გამოცდილებამ ახალგაზრდულ შემართებას აჯობა, თუმცა ყველაფერი სანტიაგო ბერნაბეუზე 6 მარტს გაირკვევა, როცა ბლანკოსები კაპიტნის - სერხიო რამოსის გარეშე ითამაშებენ. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.