ნახვამდის, ბენქს!

ცალთვალა და უფრო მაგარი...

 

ორიოდ დღის წინ, 81 წლისა გორდონ ბენქსი გარდაიცვალა. ის ფეხბურთელების იმ კატეგორიას ეკუთვნის, ინგლისში ლამის წმინდანებად რომ არიან შერაცხული. 

1966 წლის მსოფლიო ჩემპიონი გუნდიდან ბობი მური და ალან ბოლი ნაადრევად წავიდნენ ამ ქვეყნიდან, ცხრა თვის წინ რეი უილსონი დაიღუპა. დარჩნენ შვიდნი, რომელთაგანაც უმეტესობას ჯანმრთელობა გვარიანად შერყევიათ. მაგალითად, ჯიმი გრივსი ინსულტის შემდეგ, ეტლიდან ვეღარ დგება.

 

ისე, ინგლისელები თავისას ჩივიან და შედარებისთვის, ჩვენი დინამოდან, რომელიც 1964 წელს (ინგლისელთა ტრიუმფამდე ორი წლით ადრე) პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ცოცხალი მხოლოდ ორი ფეხბურთელი დარჩა - ილია დათუნაშვილი და სიომა ბარქაია. ნუ, კიდევ მურთაზ ხურცილავა, რომელსაც ის სეზონი ტრავმის გამო გაუცდა.

მაგრამ ბენქსზე ვსაუბროდით და გავაგრძელოთ. უბრალო, მუშათა ოჯახში დაბადებული, სიყმაწვილეში ნახშირის მაღაროში ნამუშევარი ბიჭი, განსაკუთრებით უყვარდა ხალხს.

მის ცხოვრებაში კი, ამბობენ, მხოლოდ ორი ქალი არსებობდაო. ერთი - მეუღლე ურსულა, რომელიც არასოდეს შორდებოდა გვერდიდან და მეორე - ნიკე, ოქროს ქალღმეღთი, რომელსაც 1966 წლის 30 ივლისს პირველად და უკანასკნელად აკოცა...

 

თუმცა მთავარი ეპიზოდი მის კარიერაში ოთხი წლის შემდეგ მოხდა, როცა მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატზე პელეს ფანტასტიკური ბურთი აუღო. მერე ამას „საუკუნის სეივიც“ კი შეარქვეს. 

თავად მიაჩნდა, რომ საუკეთესო სეივი 1972 წელს, სტოკში თამაშისას შეასრულა, როცა თანამსოფლიოჩემპიონ ჯეფ ჰერსტს პენალტი აუღო.

კიდევ...

 

- ბენქსს არასოდეს უთამაშია ტოპ კლუბებში. ლესტერს და სტოკს არ გასცილებია.

- მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ, ბილ შენკლი ლივერპულში ეძახდა, მაგრამ არ გადავიდა. თანაც ამ დროისათვის ლესტერის კარში ადგილი ახალგაზრდა პიტერ შილტონს დაეკავებინა და გორდონი სტოკში აღმოჩნდა. კლუბში, რომლის სტადიონის წინ, დღეს მისი ძეგლი დგას.


- 1970 წლის მონდიალზე, გერმანელებთან მეოთხედფინალის წინა დღეს ცუდად გახდა, მუცელი ასტკივდა და ციება დაემართა. მერე ამბობდნენ, მოწამლესო. იმ მატჩში ინგლისის ნაკრები მსოფლიო თასს დაემშვიდობა.

- 1972 წლის შემოდგომაზე, ბენქსი ავტოავარიაში მოჰყვა და ერთი თვალით მხედველობა დაკარგა. მაშინ ამბობდნენ, ცალთვალა გორდონი გაცილებით უკეთ ირჯება, ვიდრე ჯანმრთელი მეკარეებიო.

- 6 წლის განმავლობაში (1966-1971) ფიფა მას მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ ასახელებდა.


- ბენქსი 2019 წლის 12 თებერვალს, 81 წლისა გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. ბოლო წლებში მას თირკმელების ტკივილი აწუხებდა. ერთი 10 წლის წინათ ამოაჭრეს, მეორე კი კიბოს ვეღარ მოერია...