ვიანემა ანუ კატენაჩო

ეს მწვრთნელი გახლდათ  ჯიპო ვიანი, მის გუნდს ერქვა სალერნიტანა და მან მოიგონა კატენაჩო…

ზედმეტად რომანტიკულად ხომ არ გეჩვენებათ?

 

ნისლიანი დილაა. ზღვაში შავად მოჩანს მეთევზეთა გემები. საგონებელში ჩავარდნილი, უძილო მწვრთნელი, სისხამ დილით სიცილიის სრუტის ნაპირზე მისეირნობს. ფიქრებში ჩაძირული ყურადღებას არ აქცევს თოლიების ჟივილ-ხივილსა და ნავსადგურის ვაჭართა ყაყანს. მიაბიჯებს და მეათასედ ეკითხება საკუთარ თავს, როგორ გააძლიეროს დაცვა, რომელსაც მრავალი მცდელობის მიუხედავად, მაინც ნაპრალები აქვს. ანგარიშმიუცემლად აშტერდება ერთ ნავს. ნავზე მეთევზეები ნადავლით დამძიმებულ ბადეს ექაჩებიან. ბადის უკან კი კიდევ ერთი, სათადარიგო ბადე მოსჩანს. ზოგი თევზი პირველი ბადიდან სხლტება, მაგრამ მეორეს ვეღარ გაურბის.

 

უცებ განათდა! ევრიკა! მწვრთნელი ხვდება, რომ მის გუნდს მცველთა მწკრივის უკან კიდევ ერთი მოთამაშე სჭირდება, რომელიც გამძვრალ მოწინააღმდეგეს დაიჭერს. ეს მწვრთნელი გახლდათ ჯიპო ვიანი, მის გუნდს ერქვა სალერნიტანა და მან მოიგონა კატენაჩო….

 

 

ნამდვილად ასე იყო?

 

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა. თავად ვიანი სწორედ ასე ჰყვება — მისი მხატვრული აღწერა კი ამბავს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის — მაგრამ, დიდი ეჭვია, რომ ეს ყველაფერი შელამაზებულია. ქვეყნად არაფერი, მათ შორის არც ერთი საფეხბურთო ტაქტიკა ჯადოსნური ჯოხის მოქნევით არ მოუგონებიათ. როგორც წესი, ყველაფერს წინაისტორია აქვს და მაინც, იტალიაში კატენაჩოს განვითარების ვერსიათა შორის ვიანის განცხადება, რომ ყველაფერი მისგან დაიწყო, ბევრი ისტორიკოსის აზრით დამაჯერებლად ჟღერს. შესაძლოა შვეიცარიასა თუ ინგლისში სხვებმა ახალ ტაქტიკას ან მის მაგვარს ადრეც მიმართეს, მაგრამ სწორედ ვიანი იყო პირველი, ვინც მისი გამოყენება რეგულარულად დაიწყო და… წარმატებას მიაღწია.

 

მოკლედ, განთიადზე, ზღვის ნაპირზე სეირნობის დროს მოხდა ეს ამბავი თუ არა, ვიანი, როგორც ჩანს, მიხვდა, რომ გუნდში მაინცდამაინც ნიჭიერი ფეხბურთელები არ ჰყავდა და გადაწყვიტა სუსტის უფლება გამოეყენებინა — თამაში ძლიერისთვის ხელის შეშლაზე აეწყო. ვიანიმ ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ჰაფბექი ალბერტო პიჩინინი, რომელმაც შემდეგ იუვენტუსთან ერთად ორი სკუდეტო მოიგო, შუაში შეწია და მეტოქეთა ცენტრ-ფორვარდებს მიუჩინა, ხოლო ეგრეთწოდებული „დუბლივე“ (ასე ეძახდნენ საბჭოეთში) განლაგების სამი მცველიდან შუა „მწმენდავი“ გახადა.  მოკლედ, ვიანიმ თავისი გუნდი უკან დახია და ამით, მოწინააღმდეგე წინ გამოიტყუა.

 

 

ახალი სისტემა იტალიაში ვიანემას სახელით გახდა ცნობილი, ოღონდ… ფართო გაგებით ეს ალბათ მაინც არ იყო კატენაჩოს აღმოჩენა. სალერნიტანა პატარა გუნდი გახლდათ და მართალია ვიანემას წყალობით 1947 წელს  სერია A-ში  გადავიდა (თან, სამ პარალელურ მეორე ლიგაში ყველა გუნდზე ნაკლები გოლი ჰქონდა გაშვებული) მაგრამ უმაღლეს დონეზე ერთი თამაშიც ვერ მოიგო და პირველივე სეზონში გავარდა.

 

და მაინც ვიანის მეტ-ნაკლებმა წარმატებამ კატენაჩო მოდურ ტაქტიკად აქცია. ახალ ხერხს პატარა გუნდები მისდევდნენ, რომელთაც ისედაც ჰქონდათ დაცვაში ჩაკეტვისკენ მიდრეკილება.

 

სხვათა შორის, ახალი სტილის ყველაზე კარგი ნიმუში ლეგენდარული ნერიო როკოს ტრიესტინა გახლდათ. მოგვიანებით, როკომ მილანს ორჯერ მოაგებინა ევროპის ჩემპიონთა თასი, მაგრამ მისი საფეხბურთო მსოფლმხედველობა სწორედ მშობლიური ქალაქის უსახურმა გუნდმა ჩამოაყალიბა.

 

სანამ ტრიესტინა კონტრაქტს შესთავაზებდა, როკო ბაბუამისის საყასბოში მუშაობდა. მანამდე, საშუალო ფეხბურთელის კარიერა პადოვასა და ნაპოლიში გაატარა, რამაც  იმდროინდელ იტალიაში მწვრთნელად გახდომისთვის აუცილებელი სანაკრებო თამაში მოუტანა, შემდეგ კი თავის საყვარელ ქალაქში დაბრუნდა. სატელევიზიო ინტერვიუებში  ის ნაძალადევი ნეიტრალური აქცენტით ლაპარაკობდა, ისე კი გამოკვეთილი ტრიესტული კილო ჰქონდა და 1948 წელს, მშობლიურ მხარეში ქრისტიან-დემოკრატთა მრჩეველიც კი გახდა. მაგრამ, ისტორიაში როკო ფეხბურთის წყალობით დამკვიდრდა.

 

1947 წელს, როდესაც ნერიო როკო მწვრთნელად დანიშნეს, ტრიესტინაში დიდი არეულობა იყო. ცოტა ხნით ადრე, გუნდი სერია A-ს ცხრილში ბოლო ადგილზე გავიდა, ოღონდ მისთვის გამონაკლისი დაუშვეს და ლიგიდან არ გააგდეს, რადგან ბრიტანეთისა და აშშ-ს სამხედო შენაერთებს ქალაქი ჯერ კიდევ დაპყრობილი ჰქონდათ და ტრიესტელები შინ ვერ თამაშობდნენ. როკოს მწვრთნელობის პირველ სეზონში ტრიესტინამ შინ ერთი თამაშიც არ წააგო და მეორე ადგილი დაიკავა. ეს დიდებული შედეგი გახლდათ თუ გავითვალისწინებთ, რომ შემდგომ შეზღუდული შესაძლებლობების ტრიესტინასთვის ზედიზედ ორ ჩემპიონატში მერვე ადგილის დაკავებაც ღირსეული შედეგი იყო. როდესაც როკო კლუბის დირექტორატთან უთანხმოების გამო სამსახურიდან წავიდა, ტრიესტელები მყისიერად მეთხუთმეტე ადგილზე ჩამოქვეითდნენ.

იტალიელები კატენაჩოს ერთხანს სუსტი გუნდების გამოსავლად მიიჩნევდნენ, მაგრამ, როდესაც ალფრედო ფონის ხელმძღვანელობით ინტერმაც დააგემოვნა, მას უკვე შეხედეს როგორც სისტემას, რომლის მეშვეობით დიდ გუნდებსაც შეუძლიათ დიდი ტიტულების მოგება…