მონფისმა როტერდამი აიღო

ფრანგი ჩგბურთელი რეიტინგში ერთბაშად 10 საფეხურით დაწინაურდა

გაელ მონფისი საჩოგბურთო სამყაროში ექსტრავაგანტულობით გამოირჩევა. ასე იყო ახლახანს დასრულებული როტერდამის ტურნირის მიმდინარეობის მანძილზეც და განსაკუთრებით ფინალში, სადაც მან ერთ დროს ყოჩაღი სტენ ვავრინკა დაამარცხა.

 

ჩოგბურთის მოყვარულთ ეცოდინება, რომ ვავრინკას ხანგრძლივი პერიოდი გაუცდა, რადგან მას ტრავმა ჰქონდა და რამდენიმე ოპერაციის გაკეთება მოუხდა. ამის ფონზე, ის ჯერ ჩვეული ფორმისგან შორს არის, თუმცა როტერდამის პრესტიჟული ტურნირის ფინალში გასვლა კი მოახერხა, რაც 2017 წლის ივნისის შემდეგ პირველი შემთხვევა იყო.

 

რაც შეეხება მონფისს, ის ტიტულს მოწყურებული იყო და როგორც იქნა მოიგო. ფინალი თითქმის ორ საათს გაგრძელდა და ფრანგმა 6:3, 1:6, 6:2 იმარჯვა. მონფისისთვის ეს კარიერაში მერვე მოგებული ტიტულია და პირველი 2018 წლის იანვრის შემდეგ.

 

ამ გამარჯვებით მონფისმა 500 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავა, რეიტინგშიც ერთბაშად 10 საფეხურით დაწინაურდა და 23-ე ადგილზე დამკვიდრდა.