ოფიციალურად: ხორვატია–საქართველო ნოემბერში

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა საიტზე: 19 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს გამართავს და თან, ვისთან – მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტ ხორვატიასთან. მასპინძელი ქალაქი და სტადიონი ჯერ უცნობია, მოგვიანებით გაირკვევა.

ევრო–2020–ის შესარჩევის ბოლო მატჩი 15 ნოემბერს გველის შვეიცარიასთან. მანამდე კიდევ ერთი ფანჯარაა ამხანაგურისთვის: სექტემბრის დასაწყისში. 8 სექტემბერს შინ დანიასთან გვაქვს შეხვედრა, მანამდე სამი დღით ადრე კი ჯგუფში ტურია და საქართველო ტოვებს.

 

ხორვატიას საქართველოს ნაკრები ორჯერ შეხვდა: 2011 წელს შესარჩევში, შინ 1:0 მოუგო ლევან კობიაშვილის გოლით. სტუმრადაც ვიგებდით ჯაბა კანკავას თავურით, მაგრამ 1:2 წავაგეთ.

 

მართლაც კარგი ამხანაგური დაინიშნა. ნაკრებთან, რომელიც ფიფას რეიტინგში მეოთხე ადგილზეა და რომელსაც მსოფლიოს 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავს.