ბებერი ბელარუსი და ახალგაზრდა საქართველო

2020 წლის მარტი, ერთა ლიგის დ დივიზიონის ნახევარფინალი: საქართველო-ბელარუსი. ბელარუსული პრესა ყურადღებას ამახვილებს ასაკზე. იგორ კრიუშენკოს ნაკრებში 13 ფეხბურთელია, რომლებიც 30 წელს გადასცდნენო.

 

ერთა ლიგაზე ნათამაშევი ფეხბურთელებით თუ ავიღებთ, ასაკში სხვაობა აშკარაა. ბელარუსელთა საშუალო ასაკი 29,3 წელია, ქართველებისა - 26,2.

ამასთან, ბელარუსები წერენ, რომ 30-ს გადაცილებულები სწორედ ისინი არიან, რომელთა გარშემოც ეწყობა კრიუშენკოს გუნდი. მეკარე ანდრეი გორბუნოვი 35 წლისაა, სტანდარტების შემსრულებელი და დრიბლიორი იგორ სტასევიჩი 33-ის, ხოლო ნაკრების ტვინი და ყველაზე სახელიანი ფეხბურთელი ალექსანდრ გლები უკვე 37-ისაა. გლები გამორჩეულია, მის ბრწყინვალე კარიერაზე ყველამ იცის: შტუტგარტი, არსენალი, მერე ბარსელონაც...

ახლა ბატე-ში თამაშობს. რა თქმა უნდა, ვეღარ ბრწყინავს, მაგრამ დ დივიზიონის დონეზე ჯერ კიდევ ძალაა (ფოტოზე - გლები და გვილია ბატე-ში 2017 წელს).  

"სახიფათოა ის, რომ 16 თვის მერე ჩვენი წამყვანი ფეხბურთელები კიდევ უფრო მობერდებიან. ამიტომაც, კრიუშენკოს უახლოესი რეზერვის დაწინაურებაზეც მოუწევს ფიქრი" - წერს ბელარუსული პრესა.