მეშვიდედ ტონგასთან

სამოას ნაკრების 27:19 ძლევის შემდეგ, მილთონ ჰეიგის შეგირდები 24 ნოემბერს ტონგას ერკინებიან.

ბორჯღალოსნებს ტონგას ნაკრების წინააღმდეგ 6-ჯერ უთამაშია და დადებითი ბალანსი აქვს - 4 მოგება და 2 მარცხი, თუმცა ჩვენს მიერ გატანილი 9 ლელოს წილ მიღებული გვაქვს 17 და გატანილ-გაშვებული ქულათა ბალანსიც მათ სასარგებლოდაა - 99:132.

 

ლელოთა და ქულების ასეთი სტატისტიკა შორეულ წლებს უკავშირდება. ტონგას პირველად 1999 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე შევხვდით და ნუკუალოფაში მასპინძლებმა 37:6 იმარჯვეს, განმეორებით შეხვედრაში კი, „ეროვნულზე“ (დინამო არენა), ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმით რევანში ავიღეთ და 28:27 ვიმარჯვეთ, თუმცა მაშინ მსოფლიო თასზე მეტოქე გავიდა (ორი მატჩის ჯამში).

 

2014 წელს ტონგელები თბილისს მეორედ ეწვივნენ და ტესტ-მატჩში 23:9 იმარჯვეს. მას შემდეგ მეტოქეს სამჯერ ვეთამაშეთ და სამივეჯერ ნეიტრალურ მოედანზე. თბილისში განცდილი მარცხისთვის რევანში 2015 წლის მსოფლიო თასზე, გლოსთერში შედგა. შესანიშნავად მობურთალმა ბორჯღალოსნებმა, მამუკა გორგოძისა და კოკი თხილაიშვილის ლელოებით, ასევე მერაბ კვირიკაშვილის 7 ქულით, პრინციპულ შეხვედრაში 17:10 იმარჯვეს და იმ წელს მსოფლიო თასზე მეორე თამაშიც მოიგეს, რაც საქართველოს ნაკრებისთის ისტორიული შედეგია.

 

2016 წელს რევანშს მოწყურებულ ტონგას წყნარი ოკეანის ტურნეზე ფიჯიზე, სუვაში ვეთამაშეთ და დავით კაჭარავას წყვილი ლელოთი 23:20 ვძლიეთ. აღსანიშნავია, რომ „კაჭიმ“ მეორე, გამარჯვების ლელო გაწითლებულ დროზე გაიტანა. იმ თამაშში 3 ჯარიმა და 1 გარდასახვა (11 ქულა) კვირიკაშვილმა მოაგროვა, ხოლო ბოლო გარდასახვა ლაშა მალაღურაძემ შეასრულა.

 

წელს, ივნისში, ტონგას კვლავ სუვაში „წყნარი ოკეანის თასზე“ ვეთამაშეთ და მეოთხედ ვძლიეთ - 16:15. მატჩის ყველა ქულა სოსო მათიაშვილის ანგარიშზეა. მან კუნძულელებს ჯერ ლელო გაუტანა და გარდასახა, მერე კი მონაგარს 3 ჯარიმა შემატა.

 

ამრიგად, ტონგა სამჯერ გვყავს დამარცხებული ნეიტრალურ მოედანზე და ერთხელ თბილისში. წელს ეს გუნდი საქართველოს დედაქალაქში მესამედ ჩამოდის. მოცემული მომენტისთის ტონგა 73,84 ქულით მსოფლიო რაგბის რეიტინგში მე-12 ადგილზეა, საქართველო კი 72,60 ქულით მე-15 პოზიციაზეა.