ზიდანის შანსები მცირდება 

ფრანგ სპეციალისტს ლონდონი არ ხიბლავს 

 

მადრიდის რეალის ყოფილი მთავარი მწვრთნელის ზინედინ ზიდანის ლონდონის ჩელსიში დასაქმების შანსები მცირდება.

 

მას მერე, რაც არისტოკრატებმა არადამაკმაყოფილებელი შედეგების ჩვენება დაიწყეს და კლუბის ხელმძღვანელობა მაურისიო სარის გათავისუფლებაზე დაფიქრდა, ინგლისური მედია ფრანგი სპეციალისტის ლონდონურ კლუბში დანიშვნაზე აქტიურად ალაპარაკდა. აქამდე, ზიდანი ჩელსის მესაჭეობის მთავარ კანდიდატად მიიჩნეოდა, თუმცა Times-ის ცნობით, ლეგენდარულ ფეხბურთელს ეს წინადადება არ ხიბლავს. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონი პრემიერლიგიდან მხოლოდ მანჩესტერ იუნაიტედის შეთავაზებას განიხილავს, გარდა ამისა ზიდანს ყოფილ კლუბ ტურინის იუვენტუსსაც უკავშირებენ.

 

ინგლისური გამოცემის მასალაში ნათქვამია, რომ ზიზუსთვის იდეალური ვარიანტი სწორედ ბებერი ქალბატონი იქნება, საიდანაც დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს მასიმილაინო ალეგრის დაითხოვენ.

 

ზიდანი, რომელიც მოთამაშის კარიერის განმავლობაში ბორდოს, იუვენტუსისა და რეალის ღირსებას იცავდა, სამწვრთნელო საქმიანობას სამეფო კლუბში ეწეოდა, სადაც ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო (ერთხელ კარლო ანჩელოტის ასისტენტის რანგში).