ბორჯღალოსნები ბელგიისთვის ინგლისში ემზადებიან

რაგბი ევროპის დასკვნითი მატჩი კი სტუმრად რუსეთთან არის

2 მარტს ბორჯღალოსნები 2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე მატჩს ბრიუსელში, ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი  რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე იქნება. 

 

ბელგიელებმა პირველ ტურში გერმანიას უმასპინძლეს და 29:22 სძლიეს, ხოლო 16 თებერვალს რუსეთს ეწვივნენ და 7:64 დამარცხდნენ. შედეგად, ისინი 4 ქულით ბოლოსწინა, მე-5 ადგილზე არიან.

 

ბორჯღალოსნებმა პირველ ორ მატჩში გამარჯვება მოიპოვეს და თანაც მთავარი კონკურენტები დაამარცხეს - რუმინეთს კლუჟში 18:9, ხოლო ესპანეთს თბილისში 24:10 სძლიეს. აღსანიშნავია, რომ ეს გამარჯვებები ჩვენმა გუნდმა გადახალისებული შემადგენლობით და ხუთი დებიუტანტით მოიპოვა, რაც მილთონ ჰეიგის კმაყოფილებას იწვევს.


 

ახლა ბორჯღალოსნები ინგლისში არიან და მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ნაკრებთან ერთობლივ ვარჯიშებს მართავენ, რაც იაპონიის მსოფლიო თასისთვის, ასევე რაგბი ევროპის ჩემპიონატზე უახლოესი მატჩისთვის მზადებას ემსახურება, სადაც ორი ტურის შემდეგ, საქართველო 8 ქულით პირველ ადგილზეა.

 

ტრავმა მოიშუშა, სრული დატვირთვით ვარჯიშობს და ბელგიასთან სათამაშოდ ემზადება გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე, ასევე დავით კაჭარავა და გელა აფრასიძე, რომელიც რუმინეთთან მატჩისას დაშავდა.

 

ბელგიასთან მატჩის შემდეგ, ბორჯღალოსნებს ქუთაისში გერმანიასთან დაპირისპირება უწევთ, ხოლო დასკვნით მატჩში სტუმრად რუსეთს დაეჯახებიან.