გაასამე, გაგვახარე !

ქართველი და ხორვატი მეჩოგნეები კორტზე მეოთხედფინალური წყვილებიდან ბოლოს გავლენ

დუბაის პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირი, რომლის შარშანდელი ჩემპიონი რობერტო ბაუტისტა-აგუტი უკვე თამაშგარე მდგომარეობაშია და ისღა დარჩენია ტელევიზორთან გადაინაცვლოს ნელ-ნელა გადამწყვეტ ფაზაში შედის. შეჯიბრს შემორჩენილი 8 საუკეთესო ჩოგბურთელი მეოთხედფინალისთვის ემზადება, რომელთა შორის ჩვენებური ნიკოლოზ ბასილაშვილიც არის.

 

ზემოთ 2018 წლის გამარჯვებული ვახსენებთ. ბაუტისტა-აგუტს შინისკენ მიმავალი თვითმფრინავის ბილეთის აღება სწორედ ქართველმა ჩოგბურთელმა აიძულა, რომელმაც ესპანელთან იდეალურად ითამაშა და ის ტურნირს გამოთიშა.

 

 

მეოთხედფინალში კი ჩვენებურის მეტოქე ბორნა ჩორიჩი იქნება. 22 წლის ხორვატი ჩოგბურთელი ამჟამად რეიტინგის მე-13 ნომერია, ხოლო კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელი მეთორმეტეობა გახლდათ. ჩორიჩი უდავოდ იმ უნიჭიერეს ჩოგბურთელთა კატეგორიას განეკუთვნება, რომლებსაც ექსპერტები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ხორვატი მოთამაშე, ATP ტურში შურდულივით შემოიჭრა და საჩოგბურთო სამყარო მალევე აალაპარაკა. მას პროფესიონალურ ჩოგბურთში დებიუტი ხორვატიის ნაკრებთან ერთად დევისის თასზე ჰქონდა (2013), ერთი წლის შემდეგ უკვე სხვადასხვა ტურნირებს გაუგო გემო, ხოლო 2015 წელს ტოპ ორმოცდაათში შეაბიჯა.

 

 

ჩორიჩმა კარიერის პირველი ტიტული 2017 წელს მარეკეშში მოიგო, ფინალში კი ფილიპ კოლშრაიბერი დაამარცხა, ხოლო შარშან ჰალეში იჩემპიონა და თან გადამწყვეტ მატჩში თვით როჯერ ფედერერი დაჯაბდა.

 

 

რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაპირისპირებებს, ურთიერშეხვედრების ანგარიში თანაბარია - 2:2.

 

2017 წელს, ბასილაშვილმა ჩორიჩი ლიონის ტურნირზე და ცინცინატის მასტერსზე დაამარცხა, აი, შარშან კი ორივე გამარჯვება ხორვატმა მოიპოვა. ჩორიჩმა ბასილაშვილს დოჰასა და ჰალეში აჯობა. 

 

დუბაის ტურნირზე კი ჩორიჩი მეოთხედფინალში ორი ჩეხის - ირჟი ვესელის და ტომაშ ბერდიხის ძლევის შემდეგ გავიდა. 

 

 

დუბაის ტურნირზე, ქართველი და ხორვატი მეჩოგნეები კორტზე მეოთხედფინალური წყვილებიდან ბოლოს გავლენ. მატჩი თბილისის დროით 20:30 წუთზე არის ჩანიშნული, თუმცა დაწყების დროს შესაძლოა შეიცვალოს.