ფედერერის ისტორიული მიღწევა

როჯერ ფედერერი გახდა მეორე ჩოგბურთელი სამეფო სპორტის ისტორიაში, რომელმაც  ATP-ის 100 ტურნირის მოგება შეძლო

„არ ვიცი, დაბადებული იყო თუ არა სტეფანოსი, როდესაც მე კარიერაში პირველი ტიტული მოვიგე“ - ეს სიტყვები დიადმა როჯერ ფედერერმა დუბაის ტურნირის ფინალის შემდეგ წარმოთქვა, რომელშიც მან ციციპასი ორ სეტში ერთნაირი ანგარიშით - 6:4, 6:4 დაამარცხა.

 

დუბაიში შვეიცარიელმა მაესტრომ მერვეჯერ იჩემპიონა, თუმცა ამაზე მნიშვნელოვანი ფაქტი ის გახლავთ, რომ მან კარიერაში მე-100 ტიტული მოიხვეჭა. საიუბილეო ტიტულის მოგებას კი ფედერერმა 70 წუთი მოანდომა და ციციპასთან ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხე წრეში განცდილი მარცხისთვისაც რევანში აიღო.

 

როჯერ ფედერერი გახდა მეორე ჩოგბურთელი სამეფო სპორტის ისტორიაში, რომელმაც  ATP-ის 100 ტურნირის მოგება შეძლო. პირველზე ჯიმი კონორსია (109) და ვფიქრობთ, ფედერერი მასზე დაწევას შეძლებს.

 

რაც შეეხება ციციპასს, მან დუბაიმდე მარსელში იჩემპიონა და მიუხედავად ფედერერთან მარცხისა თავი იმით შეუძლია დაიმშვიდოს, რომ ათეულის კარი შეაღო.