ეს ამბავი დიდი ხნის წინ ბორჯომში მოხდა...

პირველს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე, მესამეს მეოთხე და შეიკრიბა მთელი გუნდი 

90-იანი წლების დასაწყისია და ჩემი მეგობარი, რომელმაც ქვემორე ისტორია მიამბო, ქარელის გუნდის კარში დგას — სადღაც დაბალ ლიგაში. ქარელის გუნდს ბორჯომში აქვს თამაში. საქართველოს თასის მერომელიღაცე ფინალია, ადრეული ეტაპი. ბორჯომის სტადიონის ამბავი კი მოგეხსენებათ — ერთი კარის უკან ყრუ კედელია. 

 

ის დროა, ხალხი მთელ საქართველოში უმიზეზოდ რომ ესვრის ერთმანეთს — იარაღი აქვს და აბა, ტყუილად ხომ არ ედება ლოგინის ქვეშ. ჰოდა, ქვეყანაში სადაც ერთმანეთს ტყუილად ესვრიან, საბაბი თუ მიეცემათ, რას იზამენ?

 

თუმცა, ფეხბურთის მოყვარულები პოლიტიკის მოყვარულებივით აგრესიულები არ არიან…
და მაინც, საბაბი თუ მიეცემათ შეიძლება არ გესროლონ, მაგრამ რამეს გიზამენ. გცემენ, ბოლოს და ბოლოს. ამას კი იმიტომ ვამბობ, რომ ნათელი სურათი დავხატო: ბორჯომში მოგებისთვის იქაურ გუნდს მართლა ძალიან უნდა ჯობდე. ყველა სხვა ვარიანტი ჯანმრთელობისთვის საშიშია.
სხვა ქალაქებშიც იგივე ხდება, რასაკვირველია.

 

 

ჰოდა, ჩავიდა ეს ჩემი მეგობარი ბორჯომში და გახურდა თამაში. დგას კარში, ზოგ დარტყმას იგერიებს, ზოგი ცდება მიზანს. პირველი ტაიმი 0:0 დამთავრდა. მეორეში გუნდებმა მხარეები შეცვალეს. 

 

და მოხვდა ჩემი მეგობარი, ეს მართლა უსაყვარლესი ადამიანი, ყრუ კედლის მხარეს. 

 

ჩასტვინა მსაჯმა, გაგორდა ბურთი, გავიდა ხუთი წუთი, ათი, თხუთმეტი და ქარელის კარში პენალტი დაინიშნა. ასეთ დროს კამათობენ ხოლმე: იყო? არ იყო? თუმცა, იმ დღეს ამას მნიშვნელობა საერთოდ არ ჰქონდა. ჩემი მეგობარი უცბად მიხვდა მთავარს: პენალტი შემთხვევითაც კი არ უნდა აეღო. რადაც არ უნდა დაჯდომოდა გოლი უნდა გაეშვა და ეს რომ ბრძნული გადაწყვეტილება იყო, ტრიბუნაზე შეკრებილი ბორჯომელი მაყურებლის რეაქციიდან ჩანდა: მოედნის კიდეს სახიფათოდ მოახლოებული  გულშემატკივარი თავისი გუნდის გოლს ითხოვდა.
და გადაწყვიტა ჩემმა მეგობარმა, სანამ მეტოქე დაარტყამდა იქვე, შუაში დაწოლილიყო. იფიქრა, პენალტისტი დაინახავს რომ უკვე დაბლა ვაგდივარ და ამხელა კარში ბურთს რამენაირად შეაგდებსო.

 

 

გამოიქცა დამრტყმელი. დავარდა ჩემი მეგობარი მოცელილივით, რატომღაც თვალებიც კი დახუჭა. და უცებ, ბრახ! — ბურთი პირდაპირ მუცელში მოხვდა.

 

ეეეეეეე! — გაისმა მოედნის კიდიდან .

 

წამის დაყოვნება არ შეიძლებოდა. წამოხტა ეს ჩემი მეგობარი და გადაევლო ყრუ კედელს. გარბოდა წიქარასავით და უკნიდან შემზარავი „ეეეეეე“ ესმოდა. გარბოდა და ესმოდა; ესმოდა და გარბოდა. იმდენი ირბინა, სანაბ ეს საშინელი ხმა არ შეწყდა. მაშინღა მოეშვა გულს. სული მოითქვა, მიიხედ-მოიხედა და რას ხედავს, ბორჯომის პარკში შევარდნილა, წყაროსთან დგას. სტადიონიდან კარგა შორია.
შემოდგომა იყო, საღამო ხანი, ნაწვიმარი. დამსვენებლები იყვნენ, მაგრამ სულ ერთი-ორი კაცი.

 

 

და ჩამოჯდა ჩემი დაღლილი მეგობარი სკამზე, ტალახიანი, სტადიონის სველ მოედანზე ნაგორავები. მეკარის ხელთათმანები გაიძრო, ფეხი ფეხზე გადაიდო და მოთხუპნულმა  აქეთ-იქით ყურება დაიწყო.
ნეტავ მაშინ ჩამევლო ბორჯომის პარკში….

 

შემდეგ, გავიდა ცოტა ხანი და ხის თუ ბუჩქის უკან ჩრდილი გაკრთა. მეკარე დააკვირდა. — მე ვარ ბიჭო, მოესმა ტოტების უკნიდანდა გამოვიდა ერთი თანაგუნდელი.შემდეგ, მეორე მხრიდან გაისმა ნაბიჯის ხმა.— მე ვარ, ბიჭებო, მე.

 

 

პირველს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე, მესამეს მეოთხე და შეიკრიბა მთელი გუნდი საქართველოს უმშვენიერეს, ისტორიულ, ცენტრალურ პარკში. იდგნენ დათხვრილები და კარგად დაბნელებას ელოდნენ.რომ დაბნელდა მერე ავტობუსთანაც მივიდნენ.
იმ დროისთვის ბორჯომელი გულშემატკივრები ალბათ კარგა ხნის წასულები იყვნენ სახლებში.

 

და რატომ გამახსენდა ეს ყველაფერი?

 

რა ვიცი, ისე. უბრალოდ. ესეც ხომ ქართული ფეხბურთის ისტორიაა.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.