მილტონ ჰეიგი სიღრმეებში იხედება

საქართველოს და გერმანიის სარაგბო ნაკრებთა ჯახი ქუთაისის „აიას“ სტადიონზე 16:00 საათზე დაიწყება

10 მარტს, ქუთაისში, რაგბი ევროპის ეგედით დაგეგმილ მატჩში  ბორჯღალოსნები  გერმანიის ნაკრებს  დაუპირისპირდებიან. არა მხოლოდ ამ წყვილში, საერთოდ ტურნირის მოგების უმთავრეს ფავორიტად რა თქმა უნდა საქართველოს ნაკრები ითვლება. მილტონ ჰეიგის შეგირდებმა რუმინეთის, ესპანეთის და ბელგიის გუნდები მიჯრით დაამარცხეს და ხასიათს ალბათ არც გერმანიასთან მატჩში გაიფუჭებენ.

 

მატჩამდე ერთი დღით ადრე, ტრადიციულად კაპიტნების ვარჯიში და პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც მილტონ ჰეიგმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის, როგორც მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ერთ-ერთი ეტაპის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

 

„ამ კამპანიაზე ძალიან დიდი ფოკუსირება ხდება, რადგან ყველაფერი, რასაც ახლა ვაკეთებთ, მსოფლიო თასისთვის მზადებას ემსახურება. გვსურს მაქსიმალურად გამოვცადოთ მოთამაშეები, ვნახოთ ყველა ის სიღრმეები, რაც მსოფლიო თასზე გამოგვადგება და იაპონიაში გასამართ ტურნირს შესაბამის კონდინციაში შევხვდეთ“ - აღნიშნა ახალ ზელანდიელმა სპეციალისტმა.


 

გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ თამაშის ქუთაისში ჩატარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:

 

„ჩვენთვის ყველა თამაში მნიშვნელოვანია, თუმცა ამ შეხვედრას განსაკუთრებულ ხიბლს ის მატებს, რომ გერმანიას ქუთაისში ვმასპინძლობთ. ამ ქალაქში რაგბს წლებია ფეხი მყარად აქვს მოკიდებული, რამდენიმე გუნდი ყავს, რომლებიც წარმატებით თამაშობენ შიდა ჩემპიონატებში და ქუთაისელი გულშემატკივარი საერთაშორისო რაგბს იმსახურებს. და როდესაც მაყურებლისთვის თამაში ასე მნიშვნელოვანია, ის ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანი ხდება“ - ამბობს შარიქაძე.

 

საქართველოს და გერმანიის სარაგბო ნაკრებთა ჯახი ქუთაისის „აიას“ სტადიონზე 16:00 საათზე დაიწყება.