საქართველომ გერმანიას რეტი დაასხა

წინ რუსეთთან მატჩია

ქუთაისის „აიას“ სტადიონზე, გაზაფხულის მზიან ამინდში, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მორიგი ბრწყინვალე გამარჯვება იზეიმა. მილტონ ჰეიგის შეგირდებმა, რაგბი ევროპის, ყოფილი ერთა თასის გათამაშების მეოთხე ტურში გერმანიის ნაკრებს თავბედი აწყევლინეს და 52:3 მოუგეს.

 

წყვილის ფავორიტად რომ ბორჯღალოსნები მიიჩნეოდნენ დიდი მისნობა არ სჭირდებოდა. საკითხავი მხოლოდ ის იყო, საქართველოს ნაკრები მეტოქეს რა ანგარიშით დაამარცხებდა და რამდენ ლელოს დაუდებდა.

 

 

ბორჯღალოსნების ახალმა ზელანდიელმა მწვრთნელმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ეს ტურნირი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპია და მოთამაშეების მაქსიმალურად გამოცდა სურს, ხოლო კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ხაზი ქუთაისელ გულშემატკივარს გაუსვა და იმედი გამოთქვა, რომ ტრიბუნები შეივსებოდა. სტადიონზე ქომაგი მართლაც მივიდა, ხოლო ნაკრებმაც იმედები არ გააცრუა და მოწინააღმდეგე სასტიკად დაარბია.

 

მატჩის დეტალურ განხილვას ალბათ აზრი არა აქვს. ანგარიშიდანაც ნათლად ჩანს, რომ საქართველოს ნაკრებმა გერმანია დაიბრიყვა. მხოლოდ იმას დავძენთ, რომ ბორჯღალოსნებმა მეტოქეს 8 ლელო დაუდეს. თავი მოდებაძემ, ხმალაძემ, მამუკელაშვილმა, მალაღურაძემ, ლობჟანიძემ და შარიქაძემ გამოიჩინეს, ხოლო აფრასიძემ და მათიაშვილმა გარდასახვები გაიტანეს.

 

 

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპას ტურნირზე რუმინეთის, ესპანეთის და ბელგიის ძლევის შემდეგ ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვეს და 16 მარტს, ტურნირის დასკვნით მატჩში კრასნოდარში რუსეთს დაუპირისპირდება.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.