აბურჯანია: გპირდებიან და სიტყვას არ ასრულებენ

აბურჯანიას ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2016 წლის 29 მარტს ჰქონდა

გიორგი აბურჯანიას ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრისთვის ალბათ წარდგენა არ სჭირდება. იგი ვასილ მაისურაძის ფორმაციის 17 წლამდე ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახლდათ. სწორედ იმ გუნდის, რომელიც 2012 წელს ევროპის 4 საუკეთესო ნაკრებთა შორის მოხვდა.

 

შემდეგ კი იყო სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებები და ყველგან ლიდერობა. საქართველოში მას რუსთავის მეტალურგის, გორის დილასა და თბილისის ლოკომოტივის მაისური მოურგია. მისი პირველი უცხოური გუნდი, კვიპროსული ანორთოსისი გახლდათ. მას მერე ძალები ესპანურ ხიმნასტიკში მოსინჯა, იქიდან  სევილიას მიაშურა, ხოლო ახლა სეგუნდადივიზიონის ლუგოს ფეხბურთელია.

 

აბურჯანიას ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2016 წლის 29 მარტს ჰქონდა, როდესაც ვლადიმირ ვაისის სადებიუტო მატჩში საქართველომ  ყაზახეთის ნაკრებს უმასპინძლა და მატჩი 1:1 დასრულდა. ამ ეტაპზე  23 წლის ნახევარმცველის ანგარიშზე ეროვნულ გუნდში 10 მატჩია.

 ლიდერსპორტი აბურჯანიას ესპანეთში შეეხმიანა და სხვადასხვა საინტერესო თემებზე ესაუბრა:

-ნაკრების ბოლო ორ თამაშს როგორ შეაფასებდი?

 

-შესაძლოა სანახაობრივი თვალსაზრისით კარგი მატჩები ვერ გამოდგა და გულშემატკივარიც ამ მხრივ მეტს ელოდა, თუმცა  მნიშვნელოვანი ხომ შედეგია. გავიმარჯვეთ, ქულათა მაქსიმუმი გვაქვს და მთავარი ეს არის.

 

-ახალი სეზონი ახალ გუნდში დაიწყე. როგორ შეეწყვე ლუგოს?

-მშვენივრად. აქაურობით კმაყოფილი ვარ. მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ სარაგოსასთან და იმედია მომდევნო ტურში მალიორკასთანაც იგივე შედეგს გავიმეორებთ.

 

-რა მიზანი აქვს ლუგოს ამ სეზონში?

-გვსურს პლეიოფის საგზური მოვიპოვოთ. ვფიქრობ, ამის რესურსი გვაქვს და მიზნის მისაღწევად მაქსიმუმს გავიღებთ.  სეგუნდა დივიზიონი ერთ-ერთი ყველაზე თანაბარი ჩემპიონატია ევროპაში და წინასწარ რაიმეს განსაზღვრა რთულია.

 მაგალითად, შარშან ვერავინ იფიქრებდა, რომ ლა ლიგაში ვალიადოლიდი და ჰუესკა აღზევდებოდნენ.

 

-ორი წლის წინ, როცა სევილიაში გადახვედი, ბევრი ფიქრობდა, რომ მალე პირველ გუნდში დაგაწინაურებდნენ. შენი აზრით რატომ არ მოხდა ასე? რამ შეგიშალა ხელი?

-ჩემთვის, პირველ გუნდში თამაშის პირობა რომ არ მოეცათ, სევილიაში არ გადავიდოდი. ფეხბურთში ბევრი ისეთი რამ ხდება, რასაც არ ელი. ხშირად გპირდებიან რაღაცას და შემდეგ სიტყვას არ ასრულებენ.

 სევილიასთან კონტრაქტი კვლავ მაკავშირებს და ანდალუსიელები უკან გამოსყიდვის უფლებას იტოვებენ. ვნახოთ სეზონის ბოლოს რა და როგორ იქნება.

 

-რა შეგმატა ესპანურმა ფეხბურთმა? რომელ კომპონენტში მოუმატე ყველაზე მეტად?

-როგორც ფეხბურთელი და პიროვნება ძალიან გავიზარდე. რაც შეეხება პროგრესს, ვთვლი, რომ  ტაქტიკური, ფსიქოლოგიური, ტექნიკური და ფიზიკური თვალსაზრისით ძალიან მოვუმატე.

 

-შენი უახლოესი გეგმები როგორია?

-მსურს ფეხბურთისგან რაც შეიძლება დიდი სიამოვნება მივიღო. დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

 

-ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი დაიწყო. ვინ მიგაჩნია მთავარ ფავორიტად. როგორც ვიცით რეალის გულშემატკივარი ხართ და მას მერე რაც გუნდი რონალდუმ და ზიდანმა დატოვეს, რამდენად მოიაზრებ ბლანკოსს მთავარ ფავორიტად?

-ტიტულის მოსაგებად ალბათ მაინც რეალი, ბაიერნი და ბარსელონა იბრძოლებენ. ეს სამი საფეხბურთო მონსტრი, ყოველთვის და ყველგან ფავორიტები არიან.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.