როცა ერთ მდინარეში ორჯერ შედიან

ზინედინ ზიდანი დაბრუნდა. ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ სამგზის მომგები მწვრთნელი ისევ რეალშია. ამ სეზონში ნურას უკაცრავად, ვერანაირ ტიტულს ვერ მოიპოვებს, მაგრამ ზაფხულიდან სხვა საქმეა.

გავიხსენოთ დიდი დაბრუნებები. ნათქვამია, ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიანო, მაგრამ მოდით დავწეროთ, რომ ეს ხდება უმეტესად და არა – ყოველთვის. ვინ, ვინ და ზიდანი ნამდვილად არ გადადგამდა დაუფუქრებელ ნაბიჯს. ის ფეხბურთელობისასაც ჭკუით თამაშობდა და როგორც მწვრთნელიც, ვინ რაღა უნდა თქვას ლიგაზე ამხელა დომინანტობის მერე.   

 

  

ფაბიო კაპელო (მილანი (1991–1996 და 1997–1998); რეალი (1996–1997 და 2006–2007)

 

90–იანების დასაწყისში ხუთი წელი იმუშავა მილანში, აქედან 4–ჯერ მოიგო სერია ა, სამჯერ იტალიის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და კიდევ, ორჯერ წააგო ლიგის ფინალი. საოცარი 5 წელი! მარკო ვან ბასტენი, გულიტი, სავიჩევიჩი, დესაი, მალდინი, ბარეზი... მონსტრი მილანი იყო.

 

დაბრუნდა 1997 წელს, მაგრამ ვერაფერი... იმ დროს როსონერი არეული იყო და კაპელომ კიდევ უფრო აურია. მილანი მეათე ადგილზე გავიდა და იტალიის თასის ფინალი წააგო. ერთ–ერთ შეხვედრაში 0:5 განადგურდა რომასთან.   

 

ძლიერი რეალი ჰყავდა იტალიელს 1996–1997 წლების სეზონში. ლა ლიგა მოიგო, ევროტურნირებზე კი საერთოდ გამოტოვა... დიახ, სამეფო კლუბი წინა სეზონში მეექვსეზე გავიდა, ტენერიფესა და ესპანიოლს ჩამორჩა. ეს, რა თქმა უნდა, კაპელოს ბრალი არ იყო. დონ ფაბიოს ხელში ბრწყინვალედ ათამაშდნენ რაული, პრედრაგ მიატოვიჩი, დავორ შუკერი, კლარენს ზეედორფი...

 

რატომ მოხსნეს? პრეზიდენტ სანსთან ჰქონდა უთანხმოება. ასევე მადრიდულ ინჩადასთანაც. ისინი სანახაობრივ ფეხბურთს ოთხოვდნენ, კაპელოს გუნდი კი პრაგმატულად თამაშობდა.  საბოლოოდ, კაპელო ზაფხულში მოხსნეს და იუპ ჰაინკესი დანიშნეს.     

 

კაპელო 2006 წელს დაბრუნდა რეალში, ისევ მოიგო ლა ლიგა და ისევ მოხსნეს... ამჯერად პრეზიდენტი რამონ კალდერონი იყო. მიზეზი? ულაზათო თამაშთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ბაიერნთან გავარდნაც გაახსენეს.  

 

ჟოზე მოურინიუ (ჩელსი, 2004–2007 და 2013–2015)

 

სად პირველი მისვლა და სად მეორე... დიდიე დროგბა, ფრენკ ლამპარდი, ჯონ ტერი და სხვები – ჟოზემ ჩელსი სხვა სიბრტყეზე გაიყვანა, უკვე ევროგრანდებისკენ. სამი სეზონი იყო არისტოკრატებში, ორჯერ ჩემპიონი გახდა, ორჯერ ინგლისის ლიგის თასი მოიგო, ერთხელ ასოციაციისა, ერთხელაც სუპერთასი. აი, ლიგის ნახევარფინალში კი ორჯერ ნახევარფინალში გავარდა ლივერპულთან. 2007 წლის სექტემბერში რომან აბრამოვიჩთან კონფლიქტის გამო დატოვა ლონდონური კლუბი.

 

2013 წლის ზაფხულს დაბრუნდა ჩელსიში. მას მერე, რაც ინტერსა და რეალში იმუშავა. ლიგის ნახევარფინალში გავიდა და ატლეტიკოს ვერაფერი მოუხერხა, თუმცა მომდევნო სეზონი (2014/2015) პორტუგალიელს კარგი გამოუვიდა: პრემიერლიგაც მოიგო და ქვეყნის ლიგის თასიც. აი, მერე კი დაიწყო წაგებების სერია, ლამის გასავარდნ ზონამდე დაეცა... 2015 წლის ბოლოს მოხსნეს.

 

იუპ ჰაინკესი (ბაიერნი, 1987–1991, 2011–2013, 2017–2018); გლადბახი (1979–1987 და 2006–2007)

 

აქ ცოტა სხვაგვარი, სპეციფიკური შემთხვევებია.  ბაიერნში თავიდანაც ბარაქიანად იმუშავა და მერეც. 90–იანების მიჯნაზე ორჯერ მოიგო ბუნდესლიგა და ორჯერაც – გერმანიის სუპერთასი, თუმცა ევროტურნირებზე მისი გაწვრთნილი გუნდი ვერ ბრწყინავდა. აი, მერე კი, 2013 წელს, ჩემპიონთა ლიგა მოიგო. 2013–ში ფიფამ წლის მწვრთნელად დაასახელა.

 

ასე რომ, დაბრუნება მშვენიერი გამოვიდა. თუმცა მერე კიდევ ერთხელ დაბრუნდა. 2017 წელს ჩაუდგა გუნდს სათავეში და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მიიყვანა, იქ კი რეალტან გავარდა. ვინ იცის, არც გავარდნილიყო, რომ არა ფეხბურთელთა ინდივიდუალური შეცდომები. მაგალითად, მეკარე ულრაიხი...

 

ჰაინკესი გლადბახის ლეგენდაა, ფეხბურთელის კარიერა თითქმის მთლიანად იქ გაატარა და მწვრთნელობაც იქ დაიწყო.  თუმცა როცა ჰაინკესი გლადბახის თავკაცად დაინიშნა, კლუბის საუკეთესო წლები ჩავლილი იყო და განსაკუთრებული ვერაფერი გაახერხა... ეს განაცხადა კიდეც ინტერვიუში, გული მწყდება, რომ მშობლიურ კლუბს მწვრთნელის რანგში ტიტული ვერ მოვაგებინეო.

 

კაცი საოცარი სამწვრთნელო მიღწევებით. გერმანელი კაცი, რომელიც 1945 წლის 9 მაისს დაიბადა!..   

 

მარჩელო ლიპი (იუვენტუსი; 1994–1999 და 2001–2004);  (იტალიის ნაკრები 2004–2006; 2008–2010)

 

ჯამში 8 სეზონი წვრთნიდა იუვეს და აქედან 5–ჯერ სერია ა მოაგებინა. მაინც დავწერთ, რომ 1994–1999 წლებში უფრო მონსტრი გუნდი ჰყავდა ლიპის, ვიდრე შემდეგ. პირველ ხუთწლიან პერიოდში სამჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, სამჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და აქედან ერთი მოიგო – 1996–ში.

 

ბევრი იტყვის, 2003 წელს ფინალში მილანთან პაველ ნედვედი ჰყოლოდა, მაშინაც მოიგებდაო. თუმცა რთულია პროგნოზირება. ისე კი, როგორ გინდა თქვა, მაგარი დაბრუნება არ იყოო, როცა სამწლიან პერიოდში ლიგის ფიანლის გარდა, ორჯერ სერია ა დაიპყრო და ერთხელაც იტალიის სუპერთასი ჩაიხუტა.

 

აი, ნაკრებში კი დაბრუნება ვერ შედგა. 2006 წელს კაცმა მსოფლიოს ჩემპიონობა მოაპოვებინა სკუადრა აძურას. წავიდა, რობერტო დონადონიმ ჩაიბარა ნაკრები, 2008 წელს დაბრუნდა და მუნდიალ 2010–ზე ფიასკო განიცადა: იტალია ჯგუფში ჩარჩა, ვლადიმირ ვაისის გაწვვთნილ სლოვაკეთთან წააგო ბოლო ტურში (2:3).

 

ლუის ვან გაალი (ბარსელონა 1997–2000 და 2002–2003; ჰოლანდიის ნაკრები 2000–2002 და 2012–2014)

 

ჰოლანდიელი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სამწვრთნელო კარიერის დასრულებაზე გვაუწყა, 1997 წელს დაინიშნა ბარსელონას თავკაცად. სამი წელი იმუშავა და ორჯერ მოიგო ლა ლიგა, ერთხელ ესპანეთის თასი და ერთხელაც – სუპერთასი. ჩემპიონთა ლიგას კი ვერა და ვერ შესწვდა. ის, რაც აიაქსში 18–19 წლის ბიჭებით მოახერხა, ბარსელონაში ვერა და ვერ...  გვახსოვს კიევის დინამოსთან 0:3 და 0:4, ვალენსიასთან 1:4 და ასე შემდეგ.

 

 

2002 წლის ზაფხულს დააბრუნეს კატალონიაში და ექვს თვეში მოხსნეს. ვან გაალის ბარსა მუდამ კარგი იყო შეტევაში – რივალდოს თამადობით. აი, მცველები და მეკარეები ხშირად სასაცილო რაღაცეებს აკეთებდნენ, დამწყები ფეხბურთელებივით.

 

ჰოლანდიის ნაკრებში? ვან გაალის გუნდი 2002 წლის მუნდილაზე ვერ გავიდა, რაც დიდი სენსაცია იყო. 2014–ის მსოფლიოზე კი ნახევარფინალს უწია და იქაც პენალტებში დამარცხდა არგენტინასთან.  

 

რინუს მიხელსი (ბარსელონა 1971–1975 და 1976–1978; ჰოლანდიის ნაკრები 1974, 1984–1985, 1986–1988; აიაქსი 1965–1971 და 1975–1976)

 

ტოტალური  ფეხბურთის ფუძემდებელს მისვლაც რიხიანი გამოსდიოდა და დაბრუნებაც. მის კარიერაში ერთადერთი დიდი წარუმატებლობა ჰოლანდიის ნაკრების მუნდიალ–1986–ზე ვერგაყვანაა. ისიც, ნარინჯისფერებმა ფლეი–ოფში ბელგიასთან ბოლო წუთზე გაუშვეს გადამწყვეტი გოლი.

 

ბარსელონაში 1974 წელს ის მოახერხა, რომ კლუბი 14–წლიანი შესვენების მერე გახდა ესპანეთის ჩემპიონი.     

 

ერთადერთი, კარგი დაბრუნება ვერ შედგა აიაქსში. გენიალური წლების მერე, 1975 წელს დაბრუნდა ამსტერდამის გრანდში, ერთი სეზონი იმუშავა, მაგრამ უტიტულოდ.   

 

ჯოვანი ტრაპატონი (იუვენტუსი 1976–1986 და 1991–1994)

 

ტრაპატონიმ 10 წელი იმუშავა იუვეში და ტიტულები კომბლესავით ჭერში დააწყო. 6–გზის სერია ა, 2–გზის თასი, ერთხელ ჩემპიონთა თასი, უეფას თასი და ევროპის სუპერთასი. წარმოუდგენელი შედეგებია.

 

1986 წელს პოსტი დატოვა და 5 წლის მერე დაბრუნდა. სამი წელი იყო ბებერ ქალბატონში და ერთადერთი ტიტული მოიგო: უეფას თასი რობერტო ბაჯოს დიდი კლასით. ვერ გამოდგა მაინცდამაინც მაგარი დაბრუნება, ტრაპატონის იუვენტუსი პლატინი–ბონეკ–შირეას დროს უფრო მაგარი იყო...

 

მეტ ბასბი (მანჩესტერ იუნაიტედი 1945–1969 და 1970–1971)

 

ფენომენალურმა მწვრთნელმა და პიროვნებამ 24 წელი იმუშავა მანჩესტერ იუნაიტედში. ტიტულებ 13 ტიტული მოიპოვა, მათ შორის, ჩემპიონთა თასი. კაცი, რომელიც სასწაულად გადარჩა ავიაკატასტროფაში – 1968 წლის 6 თებერვალს, როცა 23 ადამიანი დაიღუპა და მათ შორის, 8 ფეხბურთელი.

 

ბასბი 1970 წლის დეკემბერში დაბრუნდა მანჩესტერის თავკაცად, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე თვით. დროებითი მწვრთნელის ფუნქცია შეასრულა.  დაბრუნების  მთლად კლასიკური შემთხვევა არაა, მაგრამ ბასბი ბასბია და ამ სიაში უნდა გვყოლოდა.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.