გოგა ბითაძე MVP გახდა

ქართველი კალათბურთელი ადრიატიკის ლიგის საუკეთესოა

გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის MVP გახდა. ჩერნოგორიული “ბუდუჩნოსტის” 19 წლის ქართველმა ცენტრმა თავის ყოფილ კლუბ “მეგა ბიმაქსს” გუშინ 22 ქულა ჩაუგდო, სარგებლიანობის კოეფიციენტით 31-ს უწია და ამით ადრიატიკის ლიგის 21-ე ტურში საუკეთესო გახლდათ.

 

ლიგის მესვეურთა რეაქციამაც არ დააყოვნა: ბითაძე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, რაც ახალგაზრდა ქართველისთვის სოლიდური მიღწევაა. შეგახსენებთ, რომ ბითაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 27:10 წუთში 22 ქულა, 8 მოხსნა (5 შეტევაში), 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა. ჩვენებურმა 12-დან 8 ორქულიანი, სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

 

 

საინტერესოა, რომ “მეგა ბემაქსისა” და “ბუდუჩნოსტის” მატჩს ბითაძეზე დასაკვირვებლად ნბა-ს ერთბაშად 19 სკაუტი დაესწრო. ამიტომაც იყო, ქართველი ტალანტი განსაკუთრებით მოტივირებული რომ იყო და თავისი შესაძლებლობები თითქმის სრულად წარმოაჩინა.