ხმაური და სიგიჟე ლივერპულისთვის

კობა ინასარიძე სპეციალურად ლიდერსპორტისთვის მიუნხენიდან

ლივერპულმა დაიწყო და გადაჭედილმა ალიანც არენამაც ვულკანივით იფეთქა... სრული სიგიჟე, ზღვა ემოცია, აღმაფრენა... ლივერპულიდან ათასობით ჩამოსული და ალკოჰოლით გადალეშილი ქომაგი თითქოს სადღაც დაიკარგა, ისინი ალიანც არენას მესამე იარუსზე სხედან, მათი ცნობილი შეძახილები კი აქა-იქ თუ ისმის... ტრიბუნიდან ტრიბუნაზე გადაძახილებმა ლივერპულის ქომაგი თითქოს სადღაც გააქრო... თუმც ეს დიდი მატჩის მხოლოდ დასაწყისია. რა და როგორ იქნება, აქვე შევეცდები წვრილად გითხრათ, თუმც ისეთს არაფერს მოვყვები, რასაც ტელევიზორის ეკრანით ისეც კარგად ნახავთ...

 

 

მაშ, ასე: ასე დამუხტული ალიანც არენა, კარგა ხანია აღარ გვახსოვსო, ამბობენ ბავარიელები და ამას საქმითაც ამტკიცებენ. მიზეზით თუ უმიზეზოთ მასპინძელთა თითოეული ვარდნა, სტუმართაგან ტემპის დაგდების თითოეული მცდელობა საოცრად ხმაურიან რეაქციას იწვევს.მრავლისმნახველმა იურგენ კლოპმაც კი ერთი-ორჯერ გაკვირვებულმა შეავლო თვალი გადაჭედილ ტრიბუნას.

 

 

... ესაა და ერთიანად დადუმდა ეს დიდებული სტადიონი. ლივერპულმა გაიხარა, ის ხსენებული მესამე იარუსი კი ლამის ჩამოიქცა - მანემ ნოიერისა და რაფინიას შეცდომით ისარგებლა და სტუმრები დააწინაურა. ნიკო კოვაჩმა კი მისი გუნდის მეკარესა და განაპირა მცველს ისეთი ქოქოლა დააყარა, მტერს და ავს. ასეთი მატჩისას ასეთი შეცდომა ხომ ძალიან ძვირად ფასობს. ტრიბუნაზე ახლა უკვე ლივერპული დომინირებს, მოედანზე კი ისეთი უაზრო ბურთაობა გაჩაღდა, ამ დონის გუნდებს რომ არ ეკადრება...

 

 

ერთი ფრიად ემოციური გერმანელი ბაიერნის საპასუხო გოლისას საექიმო შეიქნა. აქვე, ჩვენი ადგილების მახლობლად, ახალგაზრდა ტრიბუნიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადის  გასაყვანი გახდა. გრანბლის, უფრო სწორად კი მატიპის ავტოგოლი ისე აღნიშნა, უკეთეს სანახაობას ბევრს ვერ ნახავთ...

 

შესვენებამაც მოატანა. სტუმართა განწყობას ოპტიმისტურისა არაფერი ეტყობა. მათი ქომაგობა ცოტა არ იყოს დამფრთხალია, გუნდი ჩვეულად ვერ უტევსო. ასეცაა, ლივერპულს კარის უსაფრთხოებაზე მეტი აქცენტი აქვს და ეს, არ არის მხოლოდ გატანილი გოლის შედეგი. არც გოლამდე და არც მის შემდეგ, კლოპის გუნდის თამაშში არაფერი შეცვლილა. გუნდს აშკარად აკლია ის, რაც მასპინძელს უფრო მეტი აქვს - შემართება. 

 

 

ვნახოთ რა იქნება, 45 წუთი კიდევ წინ გვაქს, იმედი უფრო აზრიანი და თვალსასეირო ფეხბურთისა... აგერ, ნიკო კოვაჩი და იურგენ კლოპიც გასახდელებიდან დიდი ხნის ძმაკაცებივით ხელიხელ გადახვეულნი გამოჩნდნენ. ძმაკაცობისა რა გითხრათ, ამ მწვრთნელებს ძველი ნაცნობობა კი ნამდვილად აკავშირებთ. 

 

მასპინძელთა ვეტერანმა რიბერიმ ერთ-ერთი შეჯახებისას ფეხი დაიზიანა და სამი წუთია შეცვლას ითხოვს. კოვაჩმა იფიქრა და კინგსი კომანს უხმო. ახლა ის შეუტევს მარცხენა ფლანგიდან და თუ ბაიერნმა უახლოს წუთებში გოლი არ გაიტანა, მერედამერე საქმე კიდევ გაურთულდება, ნერვიულობა ხომ თავდაჯერებაზე მოქმედებს. 

 

 

ამასობაში კი ალეკსანდრ-არნოლდმა კუთხური იქამდე არ მოაწოდა, ვიდრე ვირჯილ ვან დეიკს არ გაატანინა. ტრიბუნებმა თითქოს დააჩქარებინეს ჩაწოდება, მაგრამ რაც გამოვიდა ამ საქმიდან, წუთის შემდეგ  ტაბლოზე გამოჩნდა. მერე, გოლს ნოიერი აპროტესტებდა, აქაოდა ჰოლანდიელი მცველი ჩვენს მცველს დაეყრდნოო... იტალიელმა მსაჯმა მეკარის ძახილს ყურიც არ ათხოვა...

 

მატჩის დამთავრებამდე 7-8 წუთით ადრე მიუნხენელი ქომაგი ნელ-ნელა ადგილებიდან წამოიშალა. მატჩის გადარჩენის იმედი მათ უკვე გადაეწურათ... და აგერ, უარესიც, მანე გაფრინდა, გერმანელებს მესამეც გაუტანა და ამით ბოლო ლურსმანიც ჩააჭედა. მასპინძელთა სამწუხაროდ მათ გუნდს დღეს სახეირო არაფერი გამოუვიდა. მთელი ყურადღება ახლა ბუნდესლიგისკენ უნდა გადაიტანონ, სადაც კოვაჩის ბიჭებს კონკურენცია უკვე დორტმუნდთან მოუწევთ, კლოპი კი შეგირდებს სიტისტან საპაექროდ გაამზადებს...

 

 

ჰო, აგერ, ადგილობრივმა ინფორმატორმა გვამცნო - მატჩს 70 ათასი ქომაგი ესწრებაო, აქიდან 4 ათასი ლივერპულელი, რომლებიც სიხარულით ცას წვდებიან... დიდი ამბები იქნება ამაღამ მარიამპლაცზე...