ტოჩის ზედიზედ მეორე + [ვიდეო]

ქართველმა სუმოისტმა ბალანსი გამოასწორა

ოსაკაში მიმდინარე ჰარუ ბაშოზე მეხუთე დღის შეხვედრები გაიმართა. სუმოს ქართველ ქომაგებს ეცოდინება, რომ ლევან გორგაძე წლის მეორე სუპერტურნირს ოპტიმალურ ფორმაში კვლავ ვერ შეხვდა, რადგან ტრავმა ბოლომდე არ მოუშუშებია. ამიტომაც, თითოეული მისი ბრძოლა დასაფასებელია.

 

მითუფრო სასიხარულოა, როდესაც ის დოჰიოს გამარჯვებული ტოვებს, რადგან საქმე ოძეკის წოდების შენარჩუნებას ეხება. სწორედ ეს გახლავთ ტიოჩინოშინის მთავარი მიზანი ჰარუ ბაშოზე, საამისოდ კი მინიმუმ 8 გამარჯვების მოპოვებაა საჭირო.

 

ტოჩინოშინის მეტოქე ბრაზილიელი კაისეი გახლდათ, რომელიც 200 კილოგრამს იწონის და მიმდინარე ბაშოზე ჯერ გამარჯვება არ მოუპოვებია. ქართველმა სუმოისტმა, ბრაზილიელი დოჰიოდან მძლავრი მიწოლით გაიყვანა და მოგების გრაფაში კვლავ ნული დაუტოვა.

 

ამრიგად, ლევან გორგაძემ ჰარუ ბაშოზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და ბალანსიც გამოისწორა - 3:2. ტურნირის მე-6 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე კომუსუბი მიტაკეუმი იქნება.