ბრუნო ჟენესიო: მესი გენიოსია, ის შეუჩერებელია

ლიონის მთავარი მწვრთნელი ბარსელონასთან დამარცხების შემდეგ მეტოქის ლიდერს აქებს 

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ბარსელონასთან სტუმრად გამანადგურებელი მარცხის (1:5) შემდეგ, ლიონის მთავარმა მწვრთნელმა ბრუნო ჟენესიომ კომენტარი გააკეთა.

"ამ მატჩის ტაიმები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. პირველ ნახევარში ჩვენ ბარსელონას წნეხის ქვეშ მოვექეცით, მეორეში კი გაცილებით უკეთ ვითამაშეთ და გოლიც გავიტანეთ, რის შემდეგაც იმედი დაგვიბრუნდა, თუმცა მეტოქის მესამე გოლმა ყველა შეკითხვას პასუხი გასცა.

ბარსელონა ჩვენს საკუთარ საჯარიმოში მოქცევას ცდილობდა, მაგრამ გოლის გატანის შემდეგ, ვიგრძენით რომ ყველაფერი შესაძლებელი იყო. სამწუხაროდ მოედნის ცენტრში ბურთი დავკარგეთ, რასაც მესამე გაშვებული გოლი მოჰყვა.

დღეს მესიმ საკუთარი შესაძლებლობები ტრადიციულად უმაღლეს დონეზე გამოავლინა. ის გენიოსია და შეუძლია გააკეთოს ისეთი რამ, რაც სხვა ყველა ფეხბურთელისთვის შეუძლებელია. მესი პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, ის უბრალოდ შეუჩერებელია".- თქვა ფრანგმა სპეციალისტმა უეფას პრესსამსახურთან საუბრისას.