საოცარი მსგავსება

ნაინსულტარ კაცზეა ლაპარაკი! ოთხმოცს სამი წელი რომ აკლია

გუნდები ძალიან ჰგვანან მწვრთნელებს. არ მეთანხმებით? ხასიათით, სტილით, რაღაცით… ამას დიდი ხანია მივაქციე ყურადღება, მაგრამ ხმამაღლა თქმას ვერიდებოდი. ახლაც კარგად მესმის, რომ ეს მოსაზრება მთლად „ზუსტი მეცნიერების“ სფეროდან არ არის, მაგრამ მაინც ეგრე მგონია…
თითქოს, როგორ შეიძლება მთელი გუნდი ერთ კაცს ჰგავდეს? ამხელა ორგანიზმს ერთი ადამიანის ხასიათი ჰქონდეს? 

 

მაშინ, ფერგი გავიხსენოთ. კაცი, რომელიც უკვე 77 წლისა მოიყარა და შარშან ინსულტი გადაიტანა, მაგრამ ცოტა ხნის წინ გუნდს მაინც გაჰყვა პარიზში ჩემპიონთა ლიგის თამაშზე. თამაშის მერე კი გასახდელში ჩავიდა, ბიჭებთან ერთად იზეიმა გამარჯვება — მაგისთვის ხომ მანჩესტერის მწვრთნელებიც და მოთამაშეებიც ბიჭები არიან. მახვშია. აღსაყალი. 

 

 

სულშერი ამბობდა, გასახდელში რომ დავინახე გრძნობა მომეძალა, რამდენი ხანია ბოსი ჩვენთან არ ჩამოსულაო. არადა, ის კი არა, თვითონ არის ბოსი… 

 

სადღაც ერთი თვის წინ ფერგი ქერინგტონის საწვრთნელ ბაზაზე მისულა და ისეთი სიტყვა უთქვამს, ფეხბურთელები დასაბმელები გამხდარან. მოწინააღმდეგეს ეძებდნენ გასაბრდღვნელადო.

 

ნაინსულტარ კაცზეა ლაპარაკი! ოთხმოცს სამი წელი რომ აკლია!

 

 

ჰოდა, სწორედ ამიტომ იყო მისი დროის მანჩესტერ იუნაიტედი გამარჯვებული, ამაყი და მაგარი. „ფერგი თაიმი“ დაიწყოო, ყვიროდნენ კომენტატორები. „ფერგი თაიმს“ მსაჯის დამატებულ დროს ეძახდნენ. ვინ მოთვლის რამდენჯერ მოუგია მანჩესტერს 90+ წუთებზე. რატომ? იმიტომ რომ თავად ფერგი იყო ასეთი გიჟი, ცოფიანი. გამარჯვება შიოდა და სწყუროდა. ბოლო წამამდე იბრძოდა. ხომ ხედავთ, მძიმედ ნაავადმყოფარი და ოთხმოცს მიტანებული პარიზში გარბის.

 

თან, თუ გახსოვთ, მის გუნდს სხვებისგან რაღაც საოცარი სათამაშო გეომეტრიაც გამოარჩევდა. დაწყობილ-დალაგებული ჰქონდა ყველაფერი, ფრთებიდან კოხტად ჩაკეტილი. ყველა სვლას, ყველა მიმართულებას თავისი დაბოლოება ჰქონდა და ეს საოცრება ფერგის ტვინიდან მოდიოდა.
ანდა ვენგერი გავიხსენოთ… კარგად ვიცი, ანტივენგერისტებს მთელი დისერტაციის დაცვა შეუძლიათ, სადაც დაამტკიცებენ, რომ ფრანგი არასდროს ყოფილა დიდი მწვრთნელი. წამიკითხავს და მომისმენია ასეთები. დავას  არავისთან ვაპირებ. შედეგებით ვენგერი ფერგის რასაკვირველია

 

 

ჩამოუვარდებოდა, მაგრამ არსენალი რომ მას ჰგავდა, მისი გონების, სულის და ხასიათის პროდუქტი რომ იყო, ამაში ხომ არ მედავებით? 2005-ის არსენალზე მოგახსენებთ, დაუმარცხებელი რომ შეარქვეს. შეარქვეს კი არა და იმ ერთ წელიწადს იყო კიდეც დაუმარცხებელი.

 

ინტელიგენტი კაცი იყო არსენ ვენგერი და გუნდიც ინტელიგენტურ ფეხბურთს თამაშობდა — ნატიფს, ესთეტიკურს. ერთ რამედ ღირდა ანრის, ბერგკამპის და სხვა „მეთოფეების“ საფეხბურთო სიმფონიის მოსმენა…. უკაცრავად, ნახვა. ლამაზ მოზაიკებს აწყობდნენ, პაზლებს. მაგრამ, ბრაზი აკლდათ და ალბათ იმიტომ, რომ თავად ვენგერი არ იყო ბრაზიანი კაცი. მას შეეძლო მეტოქისთვის ეჯობნა, თავისი ფეხბურთით დაეთრო მოწინააღმდეგე, მაგრამ გამარჯვების გამობრდღვნა უჭირდა.

 

ნუ, მერე არსენალმა ახალი სტადიონის ასაშენებლად ბანკიდან უზარმაზარი სესხი აიღო და დიდმა დირექტორებმა ვენგერს უთხრეს, სანამ კრედიტს ვფარავთ კარგი ფეხბურთელების ყიდვას ნუ მოგვთხოვ, პედაგოგი კაცი ხარ და გუნდის გაკეთებას ყარტა-ყურტა მოთამაშეებისგანაც მოახერხებო. და ისიც ახერხებდა, როგორც შეეძლო. სულ ჰყავდა ხან მეტად და ხან ნაკლებად სიმპათიური, ოღონდ ცოტა უკბილო გუნდი.

 

 

ახლა, ინგლისთან რა შუაშია, მაგრამ განა რაც ჩოლოა ატლეკიკოც ის არ არის? შავ სამოსში გამოწყობილ სიმეონეს რომ უყურებ ან მისი ფეხბურთელობის წლებს რომ იხსენებ, ხვდები, რომ შენი ტელევიზორის ეკრანზე ნაღდი გაუჩო ჩანს და გუნდიც ასეთი ჰყავს — უშიშარი, ნაკლებად დახვეწილი, მაგრამ ყალყზე შემდგარი, ურჩი, შეუპოვარი. ჰოდა, სწორედ დიეგო სიმეონეს პიროვნული თვისებების წყალობით უწევდნენ მცირებიუჯეტიანი „მატრასები“ წინააღმდეგობას (და ხანდახან სჯობდნენ კიდეც) ფულის ზღვაში მცურავ რეალსა და ბარსელონას.

 

ჩოლოსგან განსხვავებით, დახვეწილი, მოწესრიგებული, შემოქმედი, იმავდროულად პრაქტიკოსი და მასშტაბური  ადამიანი თუ გინდათ, პეპ გვარდიოლაა… თუმცა, მისი ბარსელონა ალბათ მაინც უფრო რთული ფენომენი იყო, უფრო კომპლექსური. ეს გუნდი სადღაც ჰოლანდიაში, მიხელსთან და კრუიფის სიყმაწვილესთან იღებდა სათავეს და… აგერ, ოცდამეერთე საუკუნეში მესისთან მოდიოდა. მოდიოდა რა, ჯერჯერობით მოდის კიდეც.

 

 

თუმცა, დიდ კატალონიელსაც ნუ დავაკნინებთ: გვარდიოლა გვარდიოლაა!  და მისი ბარსელონა 2008-12 წლების ახალგაზრდა მესით ნამდვილად ჰგავდა პირადად მას.

 

გახსოვთ, ტიერი ანრის მონაყოლი — მომენტი ვიგრძენი, იქითა ფრთაზე გადავედი, გოლი შევაგდე და იმწუთას გამომცვალა, ფლანგის შეცვლა როგორ გაბედეო. 

 

და ვისენტე დელ ბოსკეს რეალი? კეთილი კაცის დიდი, ლაღი გუნდი! ასე მგონია, რომ ეს საოცარი ადამიანი შინაგანად სულ იღიმებოდა (სხვათა შორის, თბილისში აქვს ნათამაშები, რეალის შემადგენლობაში, მოსკოვის სპარტაკის წინააღმდეგ) და ამ ღიმილით ფრთაშესხმული ზიდანი, რონალდო, რობერტო კარლოსი და სხვები მოედანზე თესდნენ ასეთსავე მზესა და ღიმილს.

 

 

წლების მერე კი იმავე რეალში მოურინიუ მივიდა და გუნდიც რაღაცნაირად შეიცვალა, მოიქუფრა… 

 

მოკლედ, ამ თემის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, ამიტომ სადმე უნდა გავჩერდეთ. მაგალითად ოლე გუნარ სულშერთან. ბარემ ამ ბლოგის წერა მანჩესტერიდან დაგვიწყია და მანჩესტერშივე დავბრუნდეთ.

 

აბა, რას იტყვით, როგორია სულშერი? ფერგის შთამომავალი რომ არის თითქოს ფაქტია, მაგრამ მეტს ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი…  კი, დღევანდელი იუნაიტედი რაღაცით მართლა ჰგავს სერ ალექსს, ოღონდ მამა-შვილურად კი არა, შვილიშვილს ბაბუას რომ მიამსგავსებენ, ისე.