ნეიმარს სასჯელი ემუქრება

ბრაზილიელი ვარსკვლავის მიმართ საქმე აღიძრა

პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელი ნეიმარი შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედთან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებითი შეხვედრის შემდეგ გამოვლენილი უდისციპლინო საქციელის გამო დაისაჯოს.

ინგლისური მედია საშუალება The Times-ის ცნობით, უეფამ ბრაზილიელი ვარსკვლავის წინააღმდრგ საქმე უკვე აღძრა და მის დასჯას სამი მატჩით გეგმავს.

ამ ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველი შეხვედრა მანჩესტერში გაიმართა, სადაც სტუმრებმა ორბურთიანი უპირატესობით იმარჯვეს, პარკ დე პრენსზე შემდგარ მატჩში კი სტუმრებმა საქმის შემოტრიალება და სამი გოლის გატანა მოახერხეს, მაშინ როდესაც საკუთარ კარში მხოლოდ ერთი მიიღეს და სტუმრად გატანილი ბურთის უპირატესობით, შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, 27 წლის ბრაზილიელმა instagram-ში მთავარი მსაჯი დამირ სკომინა და სამსაჯო ბრიგადა გააკრიტიკა, რომელმაც დამატებით დროში საფრანგეთის ჩემპიონის კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა.

ნეიმარი ამჟამად ტრავმირებულია და მოედანს დიდი ალბათობით, შემდეგი სეზონიდან დაუბრუნდება.