ტოკიო ცეცხლის მოლოდინში

ესტაფეტა სტარტს 26 მარტს აიღებს

ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებით, ოლიმპიური ცეცხლი იაპონიაში 2020 წლის 20 მარტს ჩავა და ესტაფეტის წინ 2011 წელს მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაზარალებულ ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში ჩაიტანენ.
 

ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა წარიმართება სახელწოდებით „იმედი გზას გვინათებს“, რაც ოლიმპიური თამაშების მეშვეობით სტიქიით დაზარალებული რაიონების აღდგენის საერთო კონცეფციაში ჯდება. ესტაფეტის დაწყებამდე საბერძნეთში დანთებული ცეცხლი ეწვევა ყველაზე მეტად დაზარალებულ ივატეს, მიიაგისა და ფუკუშიმას პრეფექტურებს.

 

ესტაფეტა სტარტს აიღებს 26 მარტს ფუკუშიმას საფეხბურთო სავარჯიშო ცენტრ J-Village-დან. ოლიმპიური ცეცხლი 121 დღის განმავლობაში იაპონიის 47 პრეფექტურას გაივლის.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) განაწესის თანახმად, ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 100 დღეს, მაგრამ ტოკიო-2020-ის ორგანიზატორებისთვის გამონაკლისი გაკეთდა და ესტაფეტის ხანგრძლივობა გაგრძელდა.