სულშერი: კარგია, რომ პირველ მატჩს შინ ვითამაშებთ

თუ შინ დადებით შედეგს მივაღწევთ, 1/2 ფინალში გასვლის დიდი შანსი გვექნება.

ნიონში გამართული წილისყრის შედეგად დადგინდა, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ერთმანეთს მანჩესტერ იუნაიტედი და ბარსელონა დაუპირისპირდებიან. ამ თემაზე მანჩესტერელთა თავკაცმა ოლე გუნარ სულშერმა ისაუბრა.

 

„ბედმა ძალიან ძლიერი მეტოქე გვარგუნა. ბარსელონას 2009 და 2011 წლებში ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ვეთამაშეთ, მანამდე კი 2008 წელს ნახევარფინალში, სადაც ბლაუგრანა დავამარცხეთ. ჩვენი გულშემატკივრები ესპანელებთან დაპირისპირებას სულმოუთქმელად ელოდებიან.

 

შესაძლოა მწვრთნელების უმეტესობას პირველი მატჩის ჩატარება სტუმრად სურთ, თუმცა მე ასე არ ვარ. მირჩევნია ჯერ ოლდ ტრაფორდზე ვითამაშოთ, ხოლო შემდეგ ესპანეთში. თუ ინგლისში დადებით შედეგს ვაჩვენებთ, 1/2 ფინალში გასვლის დიდი შანსი გვექნება.“-განაცხადა ნორვეგიელმა.

 

ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი ოლდ ტრაფორდზე 10 აპრილს გაიმართება, განმეორებითი დაპირისპირება კი 16 რიცხვში კამპ ნოუზე.