ქართველი მებრძოლის მორიგი წარმატება

 ბრაზილიურ ჯიუჯიცუში მიღებული გამოცდილება და სათანადო კონდიციები ნამდვილად არის MMA-ში მომავალი წარმატებების საწინდარი

ვახტანგ ჭუმბურიძე MMA-ის მებრძოლია, რომელიც ამჟამად ესტონეთში ცხოვრობს და ვარჯიშობს. ადრეც გამცნეთ, რომ ის თავდაპირველად ძიუდოში ვარჯიშობდა, შემდეგ კი ბრძოლა წესების გარეშეში გადაერთო და საკმაოდ წარმატებულადაც. მის ანგარიშზე უკვე არაერთი შთამბეჭდავი გამარჯვებაა.

 

 

16 მარტს, ჭუმბურიძემ კიდევ ერთი საერთაშორისო ტურნირი მოიგო, რომელიც ესტონეთის დედაქალაქში გაიმართა. შეჯიბრის სახელწოდება  Estonia Open 2019 გახლდათ და ის საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო. მასში 77 სპორტსმენი მონაწილეობდა. ტურნირი კი ბრაზილიურ ჯიუჯიცუში ჩატარდა, რომელიც შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. MMA-ის მებრძოლები მასში ბედს ხშირად ცდიან და ამ მხრივ გამონაკლისი არც ვახტანგ ჭუმბურიძე იყო.

 

ქართველმა მებრძოლმა ჯამში 4 ორთაბრძოლა მოიგო და ყველა ვადაზე ადრე - მტკივნეული ილეთით. ჭუმბურიძის მეტოქეები ესტონელი, ლატვიელი, რუსი და ფინელი სპორტსმენები იყვნენ. 

 

 

ნიშანდობლივია, რომ ბრაზილიურ ჯიუჯიცუში ვახტანგ ჭუმბურიძემ ბედი პირველად სცადა და ჩემპიონობა მოიპოვა. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ ბრაზილიურ ჯიუჯიცუში მიღებული გამოცდილება და სათანადო კონდიციები ნამდვილად არის MMA-ში მომავალი წარმატებების საწინდარი.