We are the Champions!

საქართველოს ნაკრებმა რუსებს 21-ედ მოუგო

რუსი დიდი ხანია საქართველოს ტოლ-სწორი აღარ არის. რუსი მრავალი წელია დაჩოქებულ-დაბრიყვებული გვყავს. თავად განსაჯეთ - რუსმა პირველად და უკანასკნელად შორეულ 1993 წელს მოიგო და ეს სულ პირველ დაპირისპირებაში მოხდა. მას შემდეგ ბორჯღალოსნებმა დათვებად წოდებული რუსეთის სარაგბო ნაკრები სადაც დაიჭირეს იქ დააჩოქეს. მხოლოდ ერთხელ - 2002 წელს მოახერხეს ფრე (12:12) გაეხერხებინათ, ჯამში კი დღემდე გამართული 22 ჯახიდან 20-ში გამარჯვებულები ბორჯღალოსნები გამოვიდნენ. ოცდამეერთემაც არ დააყოვნა.

 

 

ტრადიცია გრძელდება. საქართველოს ნაკრებმა რუსები ამჯერადაც დაჩაგრეს. ეს მოსალოდნელიც იყო, ქართველმა მორაგბეებმა ამას შეგვაჩვიეს. კრასნოდარში, ყუბანის სტადიონზე გამართულ ჯახში მილტონ ჰეიგის გაწრთვნილებმა მასპინძლები 22:6 დაამარცხეს. ანგარიშიდანაც ჩანს, რომ ბორჯღალოსნებს დიდად არ გაჭირვებიათ. კრასნოდარში კი ვგონებთ ტრიბუნებზე უფრო მეტი ქართველი ქომაგი იყო, ვიდრე ადგილობრივი. რუსიც კარგად უწყის, რომ საქართველოს ნაკრები მათზე ორი, სამი და გნებავთ ათი თავით მაღლა დგას.

 

 

ქართველმა მორაგბეებმა რუსებს 3 ლელო აკმარეს. პირველ ტაიმში ტექნიკურ ლელოს შემდეგ, მეორეში რუსთა ჩათვლის მოედანში ოვალური ბურთი ცუცქირიძემ და მოდებაძემ დაამიწეს, გარდასახვით და საჯარიმო დარტყმებით კი თავი მათიაშვილმა გამოიჩინა.

 

ამრიგად, საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის 2019 წლის გათამაშების ჩემპიონია. მილტონ ჰეიგის შეგირდებმა ტურნირზე ყველა მატჩი მოიგეს და ალბათ სიმბოლურია, დასკვნით მატჩში სწორედ რუსები რომ დაამარცხეს. ჩემპიონობისთვის განკუთვნილი თასი კი ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ჩაიბარა.

 

 

და კიდევ ერთი. ბორჯღალოსნები კრასნოდარის ყუბანის სტადიონზე სპეციალური მაისურებით გავიდნენ, რომელზეც საქართველოს რუქა იყო დატანილი და ჰიმნიც ომახიანად დააგუგუნეს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.