დინამომ ხასიათი გამოიკეთა

თბილისურ დერბიში დინამომ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა

ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, თბილისის დინამომ ხასიათი სამი ქულა აიღო და ხასიათი გამოიკეთა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ლოკომოტივს ესტუმრა და 4:0 დაამარცხა.

 

ანგარიში 38-ე წუთზე გაიხსნა. დინამოელთა ჩაწოდების შემდეგ, თორნიკე ძებნიაურმა ხელით ითამაშა, მსაჯმა 11 მეტრიანი დანიშნა და რკინიგზელთა მცველს წითელი ბარათი უჩვენა. ბურთთან ლევან კუტალია მივიდა და დინამოს ახალწვეულმა სტანდარტული გოლად აქცია.

 

ამის შემდეგ ისე არ ყოფილა, რომ მხოლოდ დინამო ფიქრობდა შეტევაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჭაღიაშვილის შეგირდები მოედანზე ათნი იყვნენ, რკინიგზელები შეტევაში გადადიოდნენ და რამდენჯერმე სახიფათოდაც დაარტყეს.

 

მეორე გოლი 58-ე წუთზე გავიდა. საჯარიმოში მყოფმა ლევან შენგელიამ გიორგი ზარია მოძებნა, რომელმაც ერთი მცველი ჩამოიშორა და მოხდენილი დარტყმით ანგარიში 2:0 გახადა.

 

79-ე წუთზე კიდევ ერთი გოლი გავიდა. შენგელიამ საგოლე გადაცემას გოლიც მიათვალა. მასპინძელთა რიგებში საჯარიმოში ხელით ამჯერად კირკიტაძემ ითამაშა და მისი გუნდის კარში კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა. 27-ე ნომერმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და სეზონში მესამე გოლი გაიტანა.

 

მატჩს წერტილი 89-ე წუთზე დაესვა. მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ ნიკა ჭანტურიამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

 

ამ მომენტისთვის დინამოს 6 ქულა აქვს და მეექვსე ადგილზეა, ლოკომოტივი კი ამდენივე ქულით მესამე პოზიციას იკავებს.