სერბი ზიდანი

რატომ სჯობს ჰოლანდია ინგლისს...

 

საფეხბურთო საზოგადოება, 30 წლის სერბი დუშან ტადიჩით, აიაქსის რეალთან ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში საოცარი გამარჯვების შემდეგ დაინტერესდა. უკვე ბობოლა მთხოვნელებიც გამოუჩდნენ, მაგალითად, მანჩესტერ სიტი და ბაიერნი.

ცნობით, ცხადია, მანამდეც იცნობდნენ, მაგრამ ახლა ის განსაკუთრებულად თვალშისაცემი გახდა.

 

ჩვენ ის საქართველო-სერბეთის შეხვედრიდან გვახსოვს. ზუსტად ორი წლის წინათ, 24 მარტს, დინამო არენაზე სერბებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი 3:1 მოიგეს. ანგარიში ნიკა კაჭარავამ გახსნა და ტაიმის ბოლომდე ქართველები იგებდნენ, მაგრამ „გასახდელის გოლი“ მაინც მიიღეს. ჯერ  იყო და, მსაჯმა კანკავა გააფრთხილა ტადიჩის მიმათ უხეში ვარდნისთვის. მალევე  კოსტიჩის წაქცევისთვის პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად სწორედ დუშან ტადიჩმა დაარტყა. მან შემდეგაც არა-ერთხელ შეაწუხა ჩვენი მცველები და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.

მაშინ ის საუთჰემპტონის ფეხბურთელი იყო. რონალდ კუმანს ძალიან მოსწონდა სერბი და ჯერ კიდევ ფეიენოორდში მუშაობისას სურდა მისი გადაბირება. მაგრამ ჰოლანდიელის „წმინდანებიდან“  წასვლის შემდეგ, ტადიჩის საქმეები კარგად ვეღარ წავიდა და შარშან აიაქსში გადაბარგდა. ძალიან მოეწონა ნიდერლანდები: „ჰოლანდიაში ცხოვრება ჯობს ინგლისში ყოფნას. ინგლისში მხოლოდ ლონდონია. აქ კი ყველაგან სისუფთავეა, კარგი გზები, ქუჩები და ბარებია. ჰოლანდია განსაკუთრებული ქვეყანაა“ - უთხრა ტადიჩმა იქაურ ჟურნალისტებს.

 

სერბს ჰოლანდიური ფეხბურთის ფილოსოფიაც მოსწონს, აიაქსამდე ის გრონინგენსა და ტვენტეში თამაშობდა. „აქაურ მწვრთნელებს შემტევი ფილოსოფია აქვთ, რაც ჩემთვის ახლობელია. მათ მინდორზე დომინირება სურთ და ეს დიდებულია,“ - ამბობს ტადიჩი. 

ტადიჩი ვოივოდინას გაზრდილია. ოთხ წელიწადს ის კლუბის აკადემიაში იზრდებოდა, შემდეგ კი ძირითადის ფეხბურთელი გახდა. სერბულ გიგანტებში - ცრვენა ზვეზდასა და პარტიზანში გადასვლაზე მაშინ ოცნებაც არ შეიძლებოდა. მით უმეტეს, რომ ვოივოდინას ყოფილი პრეზიდენტი, რატკო ბუტოროვიჩი გახლდათ. ეს კაცი უცნაურად იცვამდა (ლედი გაგას სტილისტიც იყოო, ამბობდნენ), ბნელი წარსული ჰქონდა და ტრანსფერებისას ერთი შეუვალი წესი ჰქონდა: თავის გამორჩეულ ფეხბურთელებს არასოდეს მიჰყიდდა სერბულ ბობოლებს. მას ნიჭიერი მთამაშეების ევროპაში დასაქმება უყვარდა. ტადიჩიც პირდაპირ გრონინგენში გაუშვეს. მერე იყო ტვენტე და ბოლოს საუთჰემპტონი. 

 

ნიჭიერი კაცი ყველაფერში ნიჭიერიაო, ნათქვამია. ალბიონზე ჩასვლისას დუშანმა უკვე კარგად იცოდა ინგლისური და ასატანად საუბრობდა ესპანურად. „ბავშვობაში სერბეთში ბევრი ესპანურენოვანი გადაცემები იყო ტელევიზორში, ასე შემომესწავლა ესპანური“, - ახსნა ტადიჩმა თავისი ლინგვისტური წარმატების საიდუმლო.

მიმდინარე სეზონი კი უდაოდ საუკეთესოა მის კარიერაში. რეალთან მატჩის შემდეგ ფრანგულმა Equipe-მა მას მაქსიმალური შეფასება მისცა. ის მეათე მოთამაშე გახდა, ვისაც ასეთი პატივი ერგო. 

მაგალითად, თავის დროზე, უმაღლესი შეფასება მისცეს ლეო მესის ლევერკუზენთან შესრულებული პენტა თრიქის გამო. ასევე რობერტ ლევანდოვსკის რეალის კაში გატანილი ოთხი გოლის კვალად.

 

ლიგის წლევანდელ გათამაშებაში ტადიჩმა 6 ბურთი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემით გამოირჩა. ასეთი შედეგი აიაქსში, 90-იანი წლების ბოლოს, მხოლოდ ფინელ იარი ლიტმანენს ჰქონდა.

რეალთან ზიდანის სტილში შესრულებული მისი ფინტი კი ჯერჯერობით საუკეთესო ეპიზოდად ითვლება მიმდინარე ლიგის გათამაშებაში. როცა ეკითხებიან, საიდან ასეთი ტექნიკაო, პასუხობს: „ზიდანი ჩემი საყვარელი ფეხბურთელი იყო. ეტყობა ძალიან ბევრ მის ვიდეოს ვუცქირე და მეც გადმომედო“...

ჭეშმარიტად, მიეცით ნიჭსა გზა ფართო.