4 ფეხბურთელი, რომლებმაც შესაძლოა რეალი დატოვონ

წინა წლის მაისში ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, ზინედინ ზიდანმა მადრიდის რეალი დატოვა. ფრანგი სპეციალისტი ხულიან ლოპეტეგიმ შეცვალა, თუმცა მისი მადრიდული კარიერა ხანმოკლე გამოდგა. ესპანელის შემდეგ რეალი სანტიაგო სოლარიმ ჩაიბარა, თუმცა ვერც მან ააწყო საქმე კარგად. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ პერესმა გუნდში ზინედინ ზიდანი დააბრუნა, რომელმაც 3 წლის განმავლობაში რეალს უამრავი ტიტული მოაგებინა.

 

ზიზუ დაბრუნდა და ბუნებრივია, რომ სატრანსფერო სურვილები აქვს. მას ყველაზე მეტად ნგოლო კანტეს, ედენ აზარისა და კრისტიან ერიკსენის შეძენა სურს. გარდა ჩამოთვლილი ვარსკვლავებისა, ესპანელებს მაურო იკარდიზე და მოჰამედ სალაჰზეც აქვთ თვალი დადგმული.

 

აქედან გამომდინარე ყველა ხვდება, რომ სერიოზული თანხების მოზიდვაა საჭირო. სიტუაცია რამდენიმე ფეხბურთელის გასხვისებასაც მოითხოვს. Per Marca-ში ვკითხულობთ, რომ გუნდის დატოვების ყველაზე რეალური კანდიდატები რაფაელ ვარანი, გარეთ ბეილი, კარიმ ბენზემა და ისკო ალარკონი არიან.

დაახლოებით ერთი კვირის წინ მიცემულ ინტერვიუში ფრანგმა მცველმა განაცხადა, რომ რეალის დატოვება სურს და უნდა საკუთარი თავი სხვა ჩემპიონატში გამოსცადოს. შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე წელია, რაც ვარანის შეძენა მანჩესტერ იუნაიტედს უნდა.

 

ბენზემა ბოლო რამდენიმე სეზონია, რაც იდეალური ფორმისგან შორსაა და მას კლუბის დატოვებას უწინასწარმეტყველებენ.

 

კეილორ ნავასი და მარსელო ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდნენ და დიდი ალბათობით რეალში დარჩებიან, თუმცა ისკოსა და ბეილის საკითხი კვლავ გასარკვევია. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანმა ბოლო მატჩში გოლი გაიტანა, უცნობია თუ სად გააგრძელებენ კარიერას. ბეილი ძალიან ხშირად ტრავმიანობს და არაერთხელ დაიწერა, რომ ზაფხულში შესაძლოა რეალი დატოვოს, რაც შეეხება ისკოს, იგიც უკმაყოფილოა სამეფო გუნდში მისი როლით. შეგახსენებთ, რომ 23-ე ნომრის გადაბირება მანჩესტერ სიტისა და ტურინის იუვენტუსს სურთ.

 

 

ესპანურ მედიაში ვარაუდობენ, რომ ამ 4 ფეხბურთელის გაყიდვით რეალი დაახლოებით 200 მილიონს მიიღებს, რაც მიზნების მისაღწევად ძალიან წაადგება.