21–წლამდელები: სამგოლიანი სლოვენიასთან

საქართველოს 21–წლამდელთა ნაკრებმა ყველა კომპონენტში აჯობა სლოვენიას და 3:0 სძლია.

ეს ამხანაგური თამაში იყო და მეორე ამხანაგურს გია ცეცაძის გუნდი 26 მარტს ისევ გორში, ამჯერად ისრაელთან გამართავს.

 

დუბლი შეასრულა პორტუგალიის ნასიონალის გარემარბმა გიორგი არაბიძემ, რომელმაც ჯერ დავით კობოურის ხელის კვრისთვის დანიშნული პენალტი გამოიყენა, ბოლოს კი პირისპირ გასვლისას გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. არაბიძე გამორჩეული იყო მინდორზე – ფლანგიდან ფლანგზე გადატანებით, ბურთის ფლობით და რაც მთავარია, ორი გოლით. ისე, არც სხვებს უთამაშიათ სუსტად: განსაკუთრებით, ნახევარდაცვაში კარგი იყო გიორგი ქოჩორაშვილი, დაცვას კი ლუკა ლოჩოშვილი ლიდერობდა.    

 

პირველი გოლი კი რატი არდაზიშვილმა შექმნა და სლოვენიელთა მეკარემაც გვისაჩუქრა: არდაზიშვილმა მოიპოვა კუთხური, ჩააწოდა, იქ მეკარე ვოდისეკი გამოსვლაზე შეცდა, კობოურმა ახლოდან ვერ გადაგზავნა კარში, სლოვენიელმა მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა და ისევ მეკარე ვოდისეკს მოხვდა ბურთი, საიდანაც კარში შევარდა.   

 

მართალია, ჩვენებს შეუთამაშებლობა ეტყობოდათ და დაცვაშიც იყო საკმაო პრობლემები, მაგრამ ეს უფრო საწყის 25 წუთზე ითქმის. მერე ქართველებმა თამაში გამოასწორეს და უხეშ სლოვენიელებს ძალა უჩვენეს. ტექნიკური თვალსაზრისით კი სხვაობა აშკარა იყო.

 

გორი, თენგიზ ბურჯანაძე. 21–წლამდელთა ამხანაგური მატჩი

 

საქართველო – სლოვენია 3:0 

 

საქართველო: გუგეშაშვილი, ბერიაშვილი, კობოური, ლოჩოშვილი, მალი, ქოჩორაშვილი, ლაკვეხელიანი, კუცია, არდაზიშვილი, ბუღრიძე, არაბიძე

 

შეცვლაზე შევიდნენ: დავითაშვილი, ქავთარაძე, ნინუა, ძებნიაური, ნინუა, ჩოგაძე, სპანდერაშვილი

 

გოლები: 1:0 ვოდისეკი (33, ავტოგოლი), 2:0 არაბიძე (48 პენ), 3:0 არაბიძე (88)