ვლადიმირ პეტკოვიჩი: უფრო მეტი უნდა გაგვეტანა

შვეიცარიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია 

ევროპის ჩემპიონატის საკვალფიკაციო ეტაპის პირველი ტურის მატჩში, დინამო არენაზე, საქართველოს ნაკრებთან გამარჯვების (2:0) შემდეგ, შვეიცარიის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა შეხვედრა შეაფასა. პრესკონფერენციაზე შვეიცარიელმა
სპეციალისტმა საქართველოს ნაკრების შესაძლებლობების და ჯგუფში არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

"ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვარ. ეს ჯგუფში წინ გადადგმული ნაბიჯია. პირველი მატჩის მოგება ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შემდეგ შეხვედრებში თავდაჯერებულობას შეგვმატებს.

ფეხბურთელებს თავიდანვე ვუთხარი, რომ რთული მეტოქე გვყავდა და მოგება გაგვიჭირდებოდა. პირველ ტაიმში ვერ ვითამაშეთ ის ფეხბურთი, რომლის ჩვენებაც გვსურდა, თუმცა მეორე ნახევარში თამაში გამოვასწორეთ, გავიტანეთ გოლები კარგად გამოვიყურებოდით დაცვაში და მოგება შევძელით. ერთადერთი, რასაც განვიცდი, არის ის, რომ მომემტები ვერ გამოვიყენეთ და უფრო მეტი გოლი ვერ გავიტანეთ.


ყველა მეტოქეს სერიოზულად ვუდგებით და მათ პატივს ვცემთ. იმისთვის, რომ სტაბილურად მოვახერხოთ გამარჯვება, ამისთვის რეგულარულად, დაუღალავი მუშაობაა საჭირო. ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს და მათი გუნდში ადაპტირება აუცილებელია.

საქართველომ ზუსტად ის ფეხბურთი აჩვენა, რომელსაც ველოდით. მიუხედავად მათი წინააღმდეგობისა, ჩვენ მეტოქეს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის შანსი არ მივეცით და თავზე ჩვენი თამაში მოვახვიეთ.

საქართველოს ნაკრებს ჯგუფში სიურპრიზების გაკეთება შეუძლია. ამ გუნდს აქვს ძალა, რომ ჯგუფში ჩვენს უშუალო მეტოქეებს და ფავორიტებს ქულები დააკარგვინოს".-თქვა პეტკოვიჩმა.