ხმაურინია პაბები, ზღვა პოზიტივი, ტრამვაი...

კახა ბერიძე სპეციალურად ლიდერსპორტისთვის დუბლინიდან

ორშაბათია, სამუშაო კვირა იწყება და ორმილიონიანი დუბლინიც უთენია იღვიძებს. თუ ქალაქის ცენტრში ცხოვრობთ, დილის 6 საათზე მანქანების ხმაური უცილობლად გამოგაღვიძებს და ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფს ყრუდ ტრავმაის მოძრაობის ხმაც ჩაგესმებათ. ტრავმაი აქ ძალზედ პოპულარულია და უმთავრეს საზოგადოებრივ ტრანსპორტად ითვლება, მგზავრობის საფასური კი ევრონახევარს შეადგენს. რა თქმა უნდა არის ორსართულიანი ავტობუსებიც, რომლებიც ბევრ სხვასთან ერთად დუბლინის სავიზიტო ბარათია.

 

 

ბრძენ ხალხს უთქვამთ - თუ გინდათ ქვეყანა კარგად გაიცნოთ და მის შინაგან კულტურას ჩაწვდეთ მუზეუმების დათვალიერება ბოლოსთვის მოიტოვეთ და მანამდე ქალაქში იხეტიალეთო. ირლანდიის დედაქალაქში, მატჩამდე 2 დღით ადრე ჩამოსულს ქუჩებში სახეტიალოდ დროს კი გამონახავ კაცი, მაგრამ ყველაფერის მოსწრება წარმოუდგენელია, მითუფრო, რომ დუბლინში სანახავ-დასათვალერებელი ძალიან ბევრია.

 

 

გინესის მუზეუმი, ჯეიმსონის ძველი სახდელი, დუბლინის ციხესიმაგრე - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ღირშესანიშნაობებისა, რომელიც დუბლინში ჩამოსულმა ტურისტმა აუცილებლად უნდა ნახოს. ხმაურიანი პაბები, თავზესასხმელი ლუდი, ზღვა პოზიტივი და რა თქმა უნდა სამყურა ყვავილი. დუბლინი ყოველივე ამის გარეშეც წარმოუდგენელია.

 

 

 

გუშინ ევრო 2020-ის მეორე ტურის მატჩები გაიმართა. დღის ცენტრალური დაპირისპირება კი ბუნებრივია ჰოლანდია-გერმანია გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ კვირა საღამო იყო რამდენიმე პაბში ნემსის ჩასავარდნ ადგილს ვერ იპოვნიდით. მოიგეს ლიოვის შეგირდებმა და გაიხარეს პაბში მყოფმა გერმანელმა ტურისტებმა. გულწრფელად მივულოცეთ და რომ გაიგეს ქართველი ჟურნალისტები ვიყავით გვითხრეს რამდენიმე დღე კიდევ აქ ვრჩებით და ბილეთებიც უკვე შევიძინეთ, 26 მარტს ავივაზე აუცილებლად ვიქნებითო. კითხვაზე თუ ვის უქომაგებდნენ, პასუხისგან თავი შეიკავეს, თუმცა საქართველოს ნაკრებს გულწრფელი წარმატებები კი უსურვეს.

 

 

 

ბილეთებზე ჩამოვარდა სიტყვა და აქვე ავღნიშნოთ, რომ ფასი 35-დან 120 ევრომდე მერყეობს. გაივსება თუ არა სტადიონი რთული სათქმელია. აქ ფეხბურთი კი უყვართ, მაგრამ ნომერი პირველი სახეობა ნამდვილად არ გახლავთ. აქ აფანატებენ რაგბზე, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ საერთაშორისო ფედერაციის (IRB) ცენტრალური შტაბ-ბინაც სწორედ დუბლინშია, მაგრამ როგორც აქაურმა ქართველებმა გვითხრეს აქ ირლანდიურ ფეხბურთზე გიჟდებიან, რომელსაც გელური ეწოდება და ასევე უყვართ ჰარლინგი. მას ირლანდიაში სულ მცირე 3 ათასი წელია თამაშობენ და ითვლება მინდვრის თამაშებს შორის უსწრაფესად. გერლინგის და ჰარლინგის თამაშებზე სტადიონზე გაცილებით მეტი ადამიანი დადის, ვიდრე ვთქვათ ფეხბურთის ეროვნულ ჩემპიონატზე და თქვენ წარმოიდგინეთ რაგბზეცო.

 

 

რაც შეეხება ხვალინდელ ირლანდია - საქართველოს საფეხბურთო ჯახს, ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა საჩვენო ნამდვილად არ არის. უფრო მეტიც - 9 მატჩიდან 8-ში ირლანდიელებმა იმარჯვეს, საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ერთხელ გამოკრა ფრეს ხელი.

 

ქალაქში განსაკუთრებული ბუმი და აჟიოტაჟი არ შეინიშნება. მატჩის აფიშას აქა-იქ, ავტობუსის გაჩერებებზე თუ მოკრავთ თვალს.

 

 

დღეს საღამოს მატჩისწინა პრესკონფერენცია და ვარჯიშია. დანარჩენი მოგვიანებით იყოს.