კონტურული გერმანია

ანუ როგორ შენდება ახალი გუნდი...

 

ჰოლანდიასთან შესარჩევი მატჩით გერმანიის ნაკრების ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო. ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე წარმატებული ეროვნული გუნდი (3 ტიტული, ესპანეთთან ერთად) ამსტერდამის „იოჰან კრუიფ არენაზე“ გადახალისებული, განსხვავებული და გაახალგაზრდავებული გავიდა. მათ კიდევ კარგად ახსოვდათ წინა ოქტომბერს, ერთა ლიგაზე ამსტერდამული 0:3.

 

 

მაგრამ ის უკვე იტორიაა, ევრო 2020-ის პირველ შესარჩევი მატჩით ბუნდესმანშფატის ახალი ოფიციალური ისტორია დაიწყო.
ძველებიდან მხოლოდ მანუელ ნოიერი, ტონი კროოსი და მარკო როისი დარჩნენ. დორტმუნდის ლიდერ როისს კარიერაში საუკეთესო სეზონი უდგას, მაგრამ რად გინდა, მწვრთნელი მაინც არ წყალობს. ჰოლანდიასთანაც სულ რამდენიმე წუთი ათამაშა. ამ რამდენიმე წუთში კი როისმა გამარჯვების გოლი გააკეთა. მიუხედავად ბოლოდროინდელი ჩავარდნისა, მანუელ ნოიერმა ერთხელაც დაადასტურა, რომ უმაღლესი კლასის მეკარეა, ხოლო ტონი კროოსი მოედნის ცენტრში მართლაც შეუცვლელია, მისებრ თამაშის დალაგება ბევრს არ შეუძლია. 

 

 

მიულერის, ჰუმელსისა და ბოატენგის ნაკრებს მიღმა დატოვებამ საფეხბურთო საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. 
„ვიცი, რომ ჩემი ფეხბურთელები იმედგაცრუებულნი არიან. მგონი არასწორია 29 ან 30 წლის მოთამაშე უკვე წარსულს ჩააბარო,“ - თქვა ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა... მაგრამ ლიოვი შეუვალია: „ახლა მომავლის კონტურების განსაზღვრის დრო დადგა. ნაკრებს ახალი სული უნდა შთავბეროთ, ახალი აღნაგობა მივცეთ. დარწმუნებული ვარ, ეს ერთადერთი სწორი გზაა. ახალგაზრდა ფეხბურელებს თავის გამოჩენის, ზრდის საშუალება უნდა მივცეთ. დროა, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ,“ - განაცხადა ლიოვმა.

ჰოლანდიასთან მატჩი იქეთ იყოს და, საინტერესოა, რომ ახალი ფორმაციის მანშაფტში ბაიერნელების გარდა პრიორიტეტი ლაიფციგის ფეხბურთელებს ეძლევათ. ტიმო ვერნერის გარდა, გუნდში მცველები: ლუკას კლოსტერმანი და მარსელ ჰალსტენვერგიც გამოიძახეს. მწვრთენლი ძალიან ენდობა ამ ბიჭებს საქსონიის მიწიდან.

 

ჰოლანდიასთან კლოსტერმანის დებიუტსაც ელოდნენ, მაგრამ გადაიდო. სამი წლის წინათ ის გერმანიის ოლიმპიურ ნაკრებში თამაშობდა და რიოდან ვერცხლის მედლით დაბრუნდა. კლოსტერმანმა ლაიფციგის გულშემატკივარი სისწრაფით და შედეგიანობით მოხიბლა. ამ სეზონში მან სამი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემით გამოირჩა, რაც მცველისთვის ურიგო შედეგი არ არის. 22 წლის  კლოსტერმანს კარგი რეაქციით და დაყენებული დარტყმით შეუძლია იამაყოს.

საერთოდ, ლაიფციგის დაცვის ხაზი საუკეთესოდ ითვლება ბუნდესლიგაში. მაგრამ თუ ამ ხაზში ლიოვს სხვა არჩევანიც აქვს, ამას ვერ ვიყვით თავდასხმაზე, რომელიც გერმანელების მთავარი თავისტკივილია.

„ყველა ფეხბურთელი ოცნებობს თავისი ქვეყნის ნაკრებთან ერთად წარმატებას მიაღწიოს. ჩემთვის დიდი პატივი იყო 19 და 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატების მოგება, მაგრამ ეროვნულ ნაკრებში გამოძახება აბსოლუტურად სხვა დატვირთვაა, ეს ფანტასტიკურია,“ - ამბობს ჰერტას ახალგაზრდა ვარსკვლავი ნიკლას შტარკი, რომელიც გერმანიის ჭაბუკთა ნაკრების კაპიტანი გახლდათ. ის 23 წლისაა და უკვე ბერლინური კლუბის გამოკვეთილი ლიდრია.

 

 

ეგეშტაინების ოჯახმა გერმანიას ორი ნიჭიერი ჭაბუკი აჩუქა. უმცროსი, იოჰანესი ახალგაზრდულ ნაკრებში ირჯება, მაკსიმილიანი კი ბუნდესნაკრებს პირველად შეუერთდა. ის ვერდერში 17 წლიდან თამაშობს. „მეორე სართულზე“ ყოჩაღობით და ბურთის ართმევის უნარით გამოირჩევა. და კიდევ, მაკსიმილიანი მუყაითი და მოწესრიგებული ყმაწვილი ყოფილა, რაც ლიოვს განსაკუთრებით უყვარს.

სერბეთთან ამხანაგურ მატჩში ცენტრალური მცველების ტანდემმა ტა-ზულემ, ოდინდელი ჰუმელს-ბოატენგის დუეტი ჩაანაცვლა. მარცხნივ მწვრთნელმა ჰალსტენბერგი გაამწესა, მარჯვნივ, დებიუტანტი კლოსტერმანი. მაგრამ შეტევაში არაფერი გამოსდიოდათ და ლიოვმა მინდოზე როისი და გორეცკა შეუშვა. ამ უკანასკნელმა გაათანაბრა კიდეც ანგარიში. ჰოლანდიასთან კი დაცვის ხაზი ბოლომდე შეცვალა და გორეცკაც ძირითადში ვნახეთ. 

საერთოდ, სერბეთთან თამაში ვერ გამოუვიდათ, მაგრამ ის ამხანაგური მატჩი იყო. ჰოლანდიასთან კი... ვინც ითამაშა ხომ ითამაშა და, ვინც არა, ეს წერილიც ძირითადად მათ შესახებ იყო... გერმანიაში მაგარი გუნდის კონტურები იკვეთება...