ვაისი: მწვრთნელი ვარ და ასე გადავწყვიტე...

კახა ბერიძე დუბლინიდან

26 მარტს, დუბლინში, ირლანდიის ნაკრები საქართველოს დაუპირისპირდება. დღეს, ეროვნულმა ნაკრებმა ავივაზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა, მანამდე კი იყო ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია.

 

„ირლანდიასთან დაპირისპირებების ისტორია ჩვენ წინააღმდეგ მეტყველებს. ამ გუნდის წინააღმდეგ ადვილ გასეირნებას ნურავინ ელოდება. ვეცდებით ეს ცუდი ტრადიცია დავარღვიოთ და გავიმარჯვოთ. ურთულესი იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი.

 

ავივა დიდებული სტადიონია, აქ გულშემატკივარიც განსაკუთრებულია. აქ ნებისმიერი გუნდისთვის თამაში ძნელია. ამ სტადიონზე მწვრთნელის რანგში გუნდი სამჯერ მყავს გაყვანილი და სამწუხაროდ ყოველთვის წავაგეთ. ვეცდებით ხვალ ეს უსიამოვნო ტრადიცია დავარღვიოთ.

 

რა თქმა უნდა, გაისად კიდევ გვექნება შანსი ევროპის ჩემპიონატზე მოვხვდეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ შესარჩევ ციკლში არ ვიბრძოლებთ. ხვალინდელი მატჩი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. მის შედეგზეა დამოკიდებული შევინარჩუნებთ თუ არა შანსს ჯგუფიდან გავიდეთ.

 

სამწუხაროა, რომ ჯანო ანანიძე ვერ დაგვეხმარება, ასევე არ იქნება ჯიმი ტაბიძეც, მაგრამ გვყავს ნავალოვსკი, ხარაბაძე და ეს დანაკლისი უნდა შევავსოთ. არ გამოვრიცხავ, რომ 3 მცველით ვითამაშოთ.

 

რაც შეეხება შვეიცარიასთან კვირკველიას სასტარტოში არ ყოფნას, მე ვარ მწვრთნელი და მივიღე ეს გადაწყვეტილება მატჩი ხოჭოლავას დაეწყო. ამაში გასაკვირს და განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ.

 

ვინც დუბლინშია, ყველა ფეხბურთელი ხვალ განაცხადში იქნება და ნებისმიერ მათგანს შეიძლება მიეცეს შანსი“.