ირლანდიური წყევლა

კახა ბერიძე სპეციალურად ლიდერსპორტისთვის დუბლინიდან

დუბლინის სამხრეთ ნაწილში, სადაც ავივას უმშვენიერეს სტადიონს დაუდია ბინა, ყველა პაბი საღამოს 5 საათიდან ოკუპირებული იყო. ეროვნული ატრიბუტიკით შემოსილმა ირლანდიელმა გულშემატკივარმა შეკრება და ლუდის სმა მატჩამდე 4 საათით ადრე დაიწყეს და სტადიონისკენ დაძრულები უკვე საკმაოზე მეტად შეზარხოშებულები იყვნენ.

 

 

გზად გამოფენილია ირლანდია-საქართველოს მატჩისადმი შეკერილი კაშნეები, რომლის ფასიც 10 ევროა და თუ მაინცდამაინც 2 ცალს 15 ევროდ შეიძენთ. ხალხი კაშნეებს ღიღინ-ღიღინით სიამოვნებით ყიდულობენ.

 

„Hello Georgia“ - სტადიონისკენ მიმავალ ქართველ ჟურნალისტებს ყოველ ნაბიჯზე მოგვესმის ადგილობრივი გულშემატკივრების შეძახილები, რომლებიც ხელს გვართმევენ და დარწმუნებულნი თავიანთი ნაკრების გამარჯვებაში სიცილით აგრძელებენ გზას. მხოლოდ ერთმა-ორმა პესიმისტურად განწყობილმა ქომაგმა გვითხრა, დღეს უეჭველი წავაგებთ, რადგან ასეთი საზიზღარი ნაკრები ირლანდიას არსებობის მანძილზე არ ჰყოლიაო. გზად რამდენიმე ქართველსაც გადავეყარეთ, სტუდენტებს, რომლებიც დუბლინში სწავლობენ. ძალიან გვინდა ბიჭებმა მოიგონ და ხვალ უნივერსიტეტში ამით ვიამაყოთო.

 

 

ჰიმნებამდე კი ორივე გუნდის ფეხბურთელებს ირლანდიის პრეზიდენტი მაიკლ დილიგენი მიესალმა და წარმატებები უსურვა.

 

მსაჯის სასტვენთან ერთად იხუვლა ავივაზე შეკრებილმა გულშემატკივარმაც. ანშლაგი ნამდვილად არ არის, ტრიბუნებზე ცარიელ ადგილებს თვალს ნამდვილად მოკრავთ, თუმცა შევსებასაც არაფერი უკლია.

 

შვეიცარიასთან სასტარტო თერთმეტეული, ვლადიმირ ვაისმა გვარიანად გადაახალისა. ირლანდიასთან მატჩში ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდნენ სოლომონ კვირკველია, ოთარ კიტეიშვილი და ვატო არველაძე.

 

მოლოდინისამებრ მატჩი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და უკვე მეათე წუთზე ანგარიშის გახსნის მშვენიერი შანსიც მიეცათ, მაგრამ გიორგი ლორიამ არ გაატანინა, მეცამეტე წუთზე კი ჯაბა კანკავამ უხეშობისთვის ყვითელი ბარათი მიიღო. საქართველოს ნაკრებმა კარის ჩარჩოში პირველად 26-ე წუთზე დაარტყა, როდესაც კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს თავი გიორგი ქვილითაიამ დაუხვედრა, მაგრამ ამით ირლანდიელთა კართან დიდი ხიფათი არ შექმნილა.

 

32-ე წუთზე კი მატჩი მცირე ხნით შეწყდა და ტრიბუნებიდან ქომაგებმა ჩოგბურთის ბურთები გადმოყარეს. ამით მათ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მიმართ პროტესტი გამოხატეს, რადგან თვლიან, რომ საქმე ისე ვერ კეთდება, როგორც საჭიროა.

 

 

ეს იმ დროს მოხდა, როდესაც გურამ კაშიას უხეშობისთვის არბიტრმა  ჯარიმა დანიშნა და ირლანდიელი ფეხბურთელებიც სამზადისში იყვნენ. შემდეგ კი კონორ ჰორიჰანმა გიორგი ლორიას აუღებელი დაურტყა და ანგარიშიც გაიხსნა. ტაიმის მიწურულს კი საქართველოს ნაკრებს ანგარიშის გათანაბრების იდეალური შანსი მიეცა, მაგრამ ვაკო გვილიას ახლო მანძილიდან დარტყმული მეკარე რენდოლფმა სასწაულებრივად უკუაგდო.

 

 

მეორე ტაიმი კვლავ მასპინძელთა შეტევებით დაიწყო, თუმცა ერთი-ორჯერ ირლანდიელებს ქართველმა ფეხბურთელებმაც უჩხვლიტეს. 64-ე წუთზე კი ვაისს იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუხდა. ტრავმის გამო მატჩის გაგრძელება დავით ხოჭოლავამ ვეღარ შეძლო და ის ციურიხში მოთამაშე ლევან ხარაბაძემ ჩაანაცვლა. მეორე ცვლილება კი ვაისმა 72-ე წუთზე გააკეთა და მოედანზე დებიუტანტ ვატო არველაძის მაგივრად ვაკო ყაზაიშვილი შემოუშვა. 82-ე წუთზე მოედანზე კაკაბაძის ნაცვლად თორნიკე ოქრიაშვილი გამოვიდა და მალევე ყველაზე რეალური მომენტიც შეიქმნა, როდესაც 83-ე წუთზე ჯაბა კანკავას დარტყმული ძელმა აისხლიტა.

 

მოკლედ საქართველოს ნაკრებმა ევრო 2020-ის შესარჩევ ეტაპზე ზედიზედ მეორე მარცხი (0:1) განიცადა, ხოლო ირლანდიასთან უკვე მეცხრედ წააგო. ერთი და იგივე გუნდთან ამდენი „დასანანი“ მარცხი კი შემთხვევითი არ შეიძლება იყოს.

 

საქართველოს ნაკრებისთვის ირლანდიური წყევლა გრძელდება.

 

 

 

 

 

 

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.