მომავლის სტადიონები

მილიარდები ბუდაპეშტიდან მილანამდე

ბოლო წლებში საფეხბურთო ბიზნესი გაშმაგებით ვითარდება. მდიდარი კლუბები კიდევ უფრო მდიდრდებიან და ცალკეული ფეხბურთელების ტრანსფერში უკვე იმდენს იხდიან, ზოგიერთი მცირე ქვეყნის ბიუჯეტს რომ აღემატება.

ცხადია, ასეთ ფინანურ აფეთქებას ტექნოლოგიურ-ინფრასტრუქტურული პროგრესიც მოსდევს. ყველა თავმომწონე კლუბი უკვე ახალ, სუპერთანამედროვე სტადიონს აშენებს, ან ძირეულ რეკონსტრუქციას უკეთებს ძველს.

არსენალმა ემირეითსი 2006 წელს გახსნა, მანჩესტერ სიტიმ და ლივერპულმა კი  საკუთარ სარბიელებს ტრიბუნები მიამატეს. ჩელსი სტემფორდ ბრიჯის დანგრევას და ახალი, 1 მილიარდის ღირებულების სტადიონის აშნებას აპირებდა, მაგრამ კლუბის მფლობელის, რომან აბრამოვიჩის სავიზო პრობლემების გამო შეჩერდა.

მილანი და ინტერი ლეგენდარული სან სიროს დემონტაჟს და მის ადგილზე ახლის აშენებას აპირებენ, რაც ადგილობრივი ქომაგების უკმაყოფილებას იწვევს.

რამდენიმე დღეში ტოტენჰემი 850 მილიონიანი არენის გახსნას აპირებს... 

მოკლედ, ახალ დროს ახალი გამოწვევები მოაქვს და ინფრასტრუქტურული პროექტებიც არ არის გამონაკლისი. აქ რამდენიმე მსოფლიო დონის პროექტზე გავამახვილებთ ყურადღებას.

 

მილანის ახალი სტადიონი | მილანი

ლეგენდარული სან სიროს დანგრევის ამბავმა მილანისა და ინტერის ფანებს ერთობ დასწყვიტა გული. 1925 წელს აშენებული შესანიშნავი ნაგებობა არა მხოლოდ სპორტული ღონისძიებების მასპინძლობითაა ცნობილი. თუმცა, იქ თავის დროზე მსოფლიო ჩემპიონატის ცხრა მატჩი ჩატარებულა, 1990 წლის მუნდიალის მილანური გახნა ხომ დღემდე საუკეთესოდ ითვლება ისტორიაში. ასევე იქ ჩემპიონთა თასის ოთხი (ლიგის) ფინალური მატჩი გამართულა.

გარდა ამისა, სხვადასხვა დროს იქ უმღერიათ ბობ მარლის, დევიდ ბოუის, ბობ დილანს, როლინგ სტოუნზს და მადონას.

იუვენტუსის სტადიონის არ იყოს, მილანის არენის ტევადობა დაახლოებით 20 ათასით  შემცირდება (ახლა 80 018 მაყურებელს იტევს), თუმცა მნიშვნელოვნად დაიხვეწება ვიზუალი,  ხედები და ინფრასტრუქტურა.

ახალი არენა 2023 წლისთვის უნდა იყოს მზად.

 

 

NOU CAMP | ბარსელონა

თითქოს სიდიადე აკლდეს... 2022 წლისთვის ევროპის ყველაზე დიდი სტადიონი კიდევ უფრო გაიზრდება. მოდერნიზაციაში  დაახლოებით  600 მილიონი ევრო დაიხარჯება. გადაიხურება და ტევადობა 105 ათასამდე გაიზრდება. 

ასევე შენდება ახალი, იოჰან კრუიფის სახელობის 6 ათასიანი სტადიონი, რომელზეც ბარსა B ითამაშებს. კიდევ იმავე კომპლექსში, 12 ათასიანი დარბაზი ბარსას კალათბურთის, ხელბურთის, ფუტსალის, ფრენბურთისა  და შაიბიანი ჰოკეის გუნდებისთვის აშენდება.


 

GRANDE STADE DE CASABLANCA | მაროკო

მაროკოს ორი უძლიერესი კლუბი, ასევე მაროკოს ეროვნული ნაკრები გაიყოფენ ახალ გიგანტურ სტადიონს. რაჯა და უაიდად კასაბლანკებს აფრიკაში საუკეთესო სარბიელი ექნებათ, რომელიც 2025 წლისთვის 93 ათას მაყურებელს დაიტევს.

გიგანტური სტადიონის პროექტი ჯერ კიდევ 2010 წლისთვის იყო ჩაფიქრებული, როცა მაროკომ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე შეიტანა განაცხადი, მაგრამ მაშინ ტურნირი სამხრეთ აფრიკაში ჩატარდა. იგივე მოხდა 2026 წლის მუნდიალის მასპინძლიბის შემთხვევაშიც. მოგეხსენებათ, ფიფამ ეს უფლება აშშ-ის, მექსიკასა და კანადას ერთობლივად არგუნა.

თუმცა მაროკოელები იხტიბარს არ იტეხენ და 2030-ში მსოფლიო თასის ესპანეთთან და პორტუგალიასთან ერთად ჩატარებას გეგმავენ. ახალი სტადიონი ყველა შემთხვევაში დასჭირდებათ.

 

LUSAIL ICONIC STADIUM | ყატარი

ეს სტადიონი, რომლის პროექტი ბრიტანული Foster Partners-ის არქიტექტორებმა შეიმუშავეს, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩს უმასპინძლებს. ის ჯერაც არ აშენებულა, თუმცა ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ ერთ წელიწადში ყველაფერი მზად იქნება.

სტადიონი 89 ათასიანი იქნება, ტურნირის შემდეგ კი 20 ათასიანი გახდება. შენობის დანარჩენი ნაწილები მაღაზიების, კაფეების, ჯანდაცვის ობიექტბისა და სპორტული მოედნების გაუმჯობესებას მოხმარდება.


 

 

SANTIAGO BERNABEU | მადრიდი

ოდინდელ მტერ ბარსელონას რომ არ ჩამორჩეს, მადრიდის რეალი თავისი სანტიაგო ბერნაბეუს სუპერმოდერნიზაციას გეგმავს. თუმცა კატალონიელთაგან განსხვავებით, კასტილიელები ადგილების გაზრდას არ გეგმავენ ტრიბუნები ისევ 81 044 მაყურებელზე იქნება გათვლილი.

დაახლიებით 600 მილიონიანი პროექტის თანახმად, მთავარი ცვლილებები ფასადის მხარეს შეეხება. ბერნაბეუ სარკესავით მბზინავი გახდება და მთლიანად ავტომატური გადახურვის მექანიზმით აღიჭურვება.

მინდორი 10 მეტრით ამაღლდება, ამერიკული Jumbotron-ის სტილის მიხედვით, რომელსაც ისეთი მოწყობილობის დასამონტაჟებლად გამოიყენებენ, ქომაგებს წარმოდგენის 360 გრადუსით ხილვის საშუალებას რომ მისცემს... ასეთ დანადგარებს სფერულ ვიდეოსაც უწოდებენ, რომელიც ერთდროულად ყველა კუთხის ხილვის ილუზიას ქმნის.
ასევე კეთილმოეწყობა ვიპ და კერძო ლოჟები.

 

 

PUSKAS ARENA | ბუდაპეშტი

უნგრეთის ნაკრების ახალი სახლი, რომელიც წლის ბოლოს გაიხსნება, ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი იქნება ევროპაში.

სავარაუდოდ, ის ფიფა-უეფასგან ხუთვარსკვლავიან სტატუსს მიიღებს, რაც საშუალებას მისცემს, 2021 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი ჩაატაროს.

67 889-იანი არენა მომავალი ევრო 2020-ის სამ ჯგუფურ და ერთ მერვედფინალურ შეხვედრასაც უმასპინძლებს.