ცხვირი გავს? გავს!

არ მინდა საქართველოს ნაკრებზე წერა და რა ვქნა. არადა, ამ დღეებში მთავარი თემა ეს არის. არ ვიქნები მართალი დღეს ევროპულ სტადიონებზე, ფეხბურთის ისტორიაზე, წარსულის მოგონებებზე ან რამე ასეთზე რომ დავწერო. დღეს საქართველოს ნაკრებზე უნდა ითქვას.

 

 

მაგრამ, რა? არიქა, ვიცოდი შვეიცარიასთან და ირლანდიასთან ასე რომ მოხდებოდა, მეთქი, ეს ვთქვა? ნახევარმა საქართველომ ვიცოდით.

 

კარგად ვხვდებოდი ერთა ლიგის დონე სხვა რომ იყო და იქაურ ტრიუმფს არ უნდა მოვეტყუებინე, მეთქი, ეს ვთქვა? ნახევარი საქართველო ხვდებოდა.

 

 

ტყუილსაც ვერ ვიკადრებ, იმ ერთა ლიგაში (თუნდაც D საფეხურზე) რომ ვიგებდით ძალიანაც მსიამოვნებდა, რადგან მოგება ზოგადად სასიამოვნოა. ნორმალურ ადამიანს მოგება უნდა სიამოვნებდეს. რასაკვირველია, შეიძლება გაიფიქროს „ეს მაინც არ არის ჩემი სიდედრიო“, მაგრამ შენი ნაკრების გამარჯვებით გახარება ინსტინქტის დონეზეა — ხელს ცხელ უთოს რომ მიადებ და უცებ გაწევ, აი ისეთზე.

 

შვეიცარია და ირლანდია კი არც ყაზახეთია, არც ლატვია და არც ანდორა.

 

არც საფრანგეთი და ბელგიაა, მაგრამ იმათთან რა გვესაქმება.

 

მოკლედ, ვუყურებდი ჩვენების თამაშებს და ვიცოდი, რომ… ეს ყველაფერი იმთავითვე ვიცოდი. ისევე, როგორც ნახევარმა საქართველომ. ჰოდა, ამიტომ არ მინდოდა საქართველოს ნაკრებზე წერა.

 

 

თან თამაშებიც ისეთი იყო, რაღაცნაირი. იცით, როგორი? ვიფიქრე, მოდი ჯერ ბრიტანეთში რას წერენ იმას გადავათვალიერებ, იქნებ რაიმე თემა მომაწოდონ, მეთქი და ერთი-ორ საიტზე შევიხედე. ცნობილი გაზეთების საიტებზე. ჰოდა, რას ვხედავ — ირლანდიელმა მაყურებელმა ტრიბუნიდან პროტესტის ნიშნად  მოედანზე ჩოგბურთის ბურთები გადაყარაო. ყველას ეს ეწერა. იქაური ფეხბურთის ფედერაციის  ამბებია, ჩვენთვის ნაკლებად სანტერესო. მოკლედ, როგორც მივხვდი, თვითონ თამაშზე წერა არც ბრიტანეთში უნდოდათ და ჩოგბურთის ბურთებმა უშველათ. ანკი რა იყო აღსაწერი? მე მგონი საანალიზოც არაფერი იყო. ჩვენი მხრივ ესა ვართ რაცა ვართ და მორჩა. ირლანდიელებმა კი თავის გუნდზე თვითონ იდარდონ.

 

 

გიჟებივით ხომ არ გავიმეორებთ, რომ ჩაკვეტაძე არ გვყავდა. ის ბიჭიც არ დავაკომპლექსოთ, თქვენი ჭირიმე. ქრისტე ღმერთი კი არ არის, ჩაკვეტაძეა. მოვთხოვთ მერე წყლის ზედაპირზე გავლას ან რამე ასეთს და რომ ვერ გაივლის ატყდება ერთი ამბავი. რა უნდა მოთხოვო გუნდს, რომლის შემადგენლობაშიც თითქმის ყოველ თამაშში არის ფეხბურთელი, რომლის გასწვრივ წერია სიტყვა „უგუნდოდ“. უგუნდოდ კი არა, მახსოვს ადრე ერთ უცხოელ მწვრთნელს ეკითხებოდნენ ესა და ეს რატომ არ გამოიძახეო და უპასუხა, მე მხოლოდ უმაღლესი ლიგის ფეხბურთელებს ვათამაშებო. ის, ვისაც თხოვდნენ, ნიჭიერი იყო, მაგრამ ქვედა ლიგიდან.

 

მოკლედ, ასეთია ჩვენი რეალობა.

 

 

ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა მონდომება და გული დააკლეს? ტყუილად. ვენაცვალე თითოეულს. ჩემზე ნაკლები პატრიოტი არც ერთი არ არის. უბრალოდ, დღეს ჩვენი ფეხბურთია ასეთი და მორჩა.

 

ცხვირი გავს?

გავს.

ტუჩ-ნიკაპი?

გავს.

ჰოდა, აბა რა გინდათ…